გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, თბილისში 22 ათასი გამხმარი ფიჭვი მოიჭრება, მათ ადგილზე კი ახალ ხეებს დარგავენ

დედაქალაქის მასშტაბით 22 ათასი გამხმარი ფიჭვი მოიჭრება, მათ ადგილზე კი, ახალ ხეებს დარგავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მუნიციაპლიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განუცხადა.

მისივე განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოჭრილი ხეების ადგილზე მშენებლობები დაიწყება, სიცრუეა.

„დღეს კიდევ ერთხელ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ დაავადებული ფიჭვების ნაცვლად იჭრება ჯანსაღი ფიჭვები და ის ტერიტორიები სამშენებლოდ უნდა იქნეს გამოყენებული, რასაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არის სიცრუე. ასევე იყო ბრალდება, რომ უნდა მიემართათ გარემოს დაცვის კომისიისთვის საკრებულოში. 3 კვირის წინ იყო კომისიის სპეციალური სხდომა, სადაც როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე იყო მიწვეული, ასევე ყველა ჩართული სამსახური, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს. არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამ შეხვედრას არ დასწრებია. ამ სხდომაზე იყო წარმოდგენილი კვლევები და მდგომარეობა, რომელიც დღეს დედაქალაქშია და ასევე პრობლემის გადაჭრის გეგმა. როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქში მიმდინარეობს მასშტაბური სანიტარული ჭრის ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც 22 ათასი მონიშნული, გამხმარი ფიჭვის მოჭრა მიმდინარეობს. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტმა გააფორმა მემორანდუმი კერძო კომპანიებთან, სადაც ეს დაავადებული და გამხმარი ფიჭვები ხვდება. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ, მათ შორის ცენტრალურ უბნებში. საკმაოდ რთული მდგომარეობაა საბურთალოს რაიონში და ამ ტერიტორიაზე ინტენსიური ჭრები მიმდინარეობს. გვაქვს ფოტომასალა, სადაც ასახული ხე შეიძლება ვიზუალურად ჯანსაღად გამოიყურებოდეს, მაგრამ კვლევის შედეგად, თითქოს ჯანსაღი ხის ქერქის ქვეშ განსხვავებული რეალობაა“, - განაცხადა გიგაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც გამხმარ ფიჭვებს მოჭრიან, ახალი ხეები დაირგვება. ხოლო მოჭრილი ხეები გამგეობებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საშეშე მასალით უზრუნველსაყოფად გადაეცემათ.

ცნობისთვის, სანზონაში და დიდუბეში ხეების ჭრას საკრებულოს ოპოზიცია აპროტესტებს. საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათ აქვთ კონკრეტული მტკიცებულება, რომ ათობით მოჭრილი ხე საღი და ჯანმრთელი იყო. "გაჩეხეს ათობით ჯანმრთელი ხე, რომლებსაც დაარქვეს სანიტარული ჭრა. ეს ხდებოდა სანზონაში და დიდუბეში, 147-ე სკოლის გვერდით“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი გარემოს დაცვის კომისიას მიმართავს გაარკვიოს, ვის ინტერესებშია ხეების ჭრა და დედაქალაქის ისედაც კატასტროფული ეკოლოგიური ფონის კიდევ უფრო გაუარესება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა