აკაკი ზოიძე „სოლიდარობის ქსელის“ ინიციატივაზე - შრომის ინსპექცია ყველაფრის პანაცეა ვერ იქნება

ჩვენ არ ვამბობთ, რომ შრომის ინსპექციას უფლებების შემოწმების მანდატი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ეს ინსტიტუციონალურ შესაძლებლობებს, - ეს განცხადება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“, „სოლიდარობის ქსელის“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ეხება.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ შრომის უფლებების აღსრულება შრომის ინსპექციის ექსკლუზიური პრეროგატივა არ არის და მის ფუნქციებთან დაკავშირებით ტყუილი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას.

„დღესდღეობით, შრომის ინსპექციას ისედაც უამრავი ფუნქცია აქვს. მათ შორის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც დავაკისრეთ და რომლის გაძლიერებაც სრულფასოვნად უნდა მოხდეს ამ წლის ბოლომდე, როგორც კადრების რაოდენობის მხრივ, ასევე პროფესიონალური მომზადების კუთხით და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ დამატებითი ფუნქციების დაკისრებაც იმ დროს, როდესაც ჯერჯერობით სრულფასოვანი შესრულება იმ ფუნქციებისა არ ხდება, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული, გარკვეულ სიფრთხილეს და გეგმაზომიერებას საჭიროებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არ არის გასაკეთებელი, მაგრამ უნდა ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ინსტიტუციონალურ შესაძლებლობებს. ამასთან, შრომის უფლებების აღსრულება არ არის შრომის ინსპექციის ექსკლუზიური პრეროგატივა. დღეს არსებობს ‘შრომის კოდექსი“, არსებობს კანონმდებლობა, არსებობს სასამართლო პრაქტიკა, არსებობენ შრომის ინტერესების დამცველი ორგანიზაციები, მათ შორის პროფესიული კავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ დასაქმებულებს, რომ დაიცვან თავიანთი უფლებები. შრომის ინსპექცია პანაცეა ვერ იქნება ყველაფრის. ეს შექმნის ისეთ მოლოდინებს, რომელმაც შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს, რაც ძალიან ცუდი იქნება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი შეფასებით, არასერიოზულია „სოლიდარობის ქსელის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დასაქმებულების სამუშაო დროების აღრიცხვასა და მონიტორინგს ითვალისწინებს.

„როგორ ესახებათ 90 000 იურიდიული პირის გაკონტროლება 40 კაცით. მიმაჩნია, რომ ეს დამოკიდებულება არასერიოზულია. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ მოთხოვნებზე, რამდენად აუცილებელია და როგორ უნდა გავითვალისწინოთ. კანონმდებლობაში ეს ყველაფერი წერია. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ შრომის ინსპექციას დაევალოს კონტროლი, თორემ ვადებულება, რომ 40 საათი იყოს სამუშაო დრო, წერია კოდექსში და ზეგანაკვეთურ თემასთან მიმართებაშიც არის შესაბამისი ნორმები მიღებული“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხები სოციალური პარტნიორობის ცალმხრივი კომისიის ფარგლებში უნდა იყოს განხილული, სადაც დასაქმებულები, დამსაქმებლები და სახელმწიფოს წარმომადგენლები ერთად იქნებიან ჩართული.

ცნობისთვის, „სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენლმა, ნენო ჩარკვიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „შრომის ინსპექციას“ დღემდე არ აქვს შრომის უფლებების შემოწმების მანდატი და დღემდე გვაქვს შემთხვევები და ისეთი სამსახურები, სადაც ადამიანები, არათუ 48, არამედ 60-80 საათს და მეტი დრო მუშაობენ". ამიტომ, „სოლიდარობის ქსელს“ „შრომის კოდექსში" ცვლილების შეტანა სურს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა