ვანო ზარდიაშვილი - საზოგადოება „ბესელიობანათი“ დაიღალა

ეს არის ცრუ ინფორმაცია, მე მსგავსი ინფორმაცია არასდროს გამიგია, პირველად ახლა მოვისმინე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიას ბრალდებებთან დაკავშირებით განუცხადა.

ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე ზარდიაშვილს მიმართა, რომ მისმა მეგობარმა, ჩინჩალაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დროს ირაკლი კობახიძეს დაწერილი ტექსტი მიუტანა, რომლის თანახმადაც, იუსტიციის საბჭოს მდივანი და მდივნის არჩევის პროცედურა კონსტიტუციაში უნდა ყოფილიყო ჩაწერილი.

"შენ, ირაკლი კობახიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ ერთმანეთში გაარკვიეთ, ეს ჩანაწერი როგორ გაჩნდა იქ. ასევე , კიდევ რისი ჩაწერა უნდოდათ და არ გავატანინე, - მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს.

„ეს არის ცრუ ინფორმაცია, მე მსგავსი ინფორმაცია არასდროს გამიგია, პირველად ახლა მოვისმინე. ბოდიშს მოვუხდი ჟურნალისტებს და საზოგადოებას, რადგან „ბესელიობანათი“ დაიღალა საზოგადოება. შესაბამისად, არ ვაპირებ მის კომენტარებზე კომენტარების კეთებას და ვიქნებით საქმეზე ორიენტირებული.

ეკა ბესელიას კითხვის შინაარსი არის აბსურდული, კონსტიტუციასთან მიმართებაში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს, კონსტიტუციას აქვს თავის მიღების წესი-საერთო განხილვებით, კვორუმებით, მაღალი ლეგიტიმაციით. შესაბამისად, მსგავსი ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება არის გამორიცხული და მსგავსი ინფორმაცია არის სიცრუე", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

რაც შეეხება ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე დასმულ კითხვას, ვანო ზარდიაშვილის თქმით, მას ამასთან დაკავშირებით უკვე გაკეთებული აქვს განცხადებები და ჟურნალისტებს შეუძლიათ დაეყრდნონ წინა შეფასებებს. ამასთან, ვანო ზარდიაშვილის თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს არღვევს.

"წარდგენის უფლება ექსკლუზიურად აქვს იუსტიციის საბჭოს, მხოლოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და შესაბამისად, ხელისუფლების ნებისმიერი სხვა შტოს ჩარევა სხვა მეორე შტოს საქმიანობაში კონსტიტუციით იკრძალება. ეს არის ხელისუფლების დანაწილების მთავარი პრინციპი", - აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

ზარდიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "რუსთავი2"-ს უნდა ეკა ბესელიამ იტივტივოს პოლიტიკურ ველზე, ბესელიათი საზოგადება დაღლილია.

"მე გეუბნებით თქვენც და საზოგადოებასაც ბოდიშს თუნდაც იმ მოვლენების გამო, რომელიც ხდებოდა ჩემსა და ბესელიას შორის. საზოგადოება დაღლილია ბესელიათი და მსგავსი პოლიტიკური ფიგურებით. მე მეტ კომენტარებს არ გავაკეთებ", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო