ნათია თურნავა - უნდა შეგვეძლოს საკუთარი ენერგორესურსებით ჩვენი მომხმარებლის უზრუნველყოფა და გვქონდეს საშუალება, თავისუფლად ვივაჭროთ რეგიონში

უნდა შეგვეძლოს საკუთარი რესურსებით ჩვენი მომხმარებლის უზრუნველყოფა და გვქონდეს საშუალება, თავისუფლად ვივაჭროთ რეგიონში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ სასტუმრო „შერატონში“ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ღონისძიებაზე ნათია თურნავამ მოხსენება გააკეთა და ისაუბრა იმ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც აქტუალურია საქართველოში ენერგეტიკულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის ენერგეტიკის განვითარების პროგრამის დახმარებით ვმსჯელობთ ძალიან აქტუალურ თემაზე - ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოება. ამ თვალსაზრისით გვაქვს ტრადიციული და ახალი გამოწვევები, რასაც ვუმკლავდებით. ტრადიციული გამოწვევები დაკავშირებულია რეგიონალურ გამოწვევებთან, გეოპოლიტიკასთან, ხოლო რაც შეეხება ახალ გამოწვევებს, ეს არის მზარდი მოთხოვნის პირობებში საკუთარი რესურსით ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარების უზრუნველყოფა იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ჰიდროელექტროსადგურების განვითარების მიმართ“, - აღნიშნა თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სტრატეგია მაქსიმალურად აწყობილია ორ პრიორიტეტზე - ეს არის ბაზრის მეტი გახსნილობა, რეგიონში, ინტეგრაცია და ვაჭრობის და ტრანზიტის მეტი შესაძლებლობა, იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი კვლავაც კეთდება საკუთარი რესურსების განვითარებაზე, მათ შორის არის წყლის, ქარისა თუ მზის რესურსები.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ორი ასპექტი ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი რესურსებით მომხმარებლის უზრუნველყოფა და გვქონდეს საშუალება თავისუფლად ვივაჭროთ რეგიონში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კონფერენცია სახელწოდებით „კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოება, ენერგეტიკული ბაზრის გახსნის პირობებში“ USAID ენერგეტიკის პროგრამის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ნათია თურნავასთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ. ა. ვიებლერმა და რუმინეთის ელჩმა საქართველოში რადუ ჰორუმბამ.

კონფერენციის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის წევრებს და მაღალი დონის გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შორის შეთანხმების მიღწევაში და მტკიცებულებებით გამყარებული, სრულფასოვანი ანალიზის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა