თსუ-ში  საქართველოს  საისტორიო-საეთნოგრაფიო  საზოგადოებისადმი    მიძღვნილი  გამოფენა გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს.

გამოფენაზე ექვთიმე თაყაიშვილის, თედო სახოკიას, სერგი გორგაძის, იროდიონ სონღულაშვილის, დავით კარიჭაშვილის, მოსე ჯანაშვილის, ვუკოლ ბერიძის, ივანე ჯავახიშვილის, გიორგი ჩიტაიას, ვერა ბარდაველიძის, სერგი მაკალათიას, ალექსი ოჩიაურის, კალისტრატე ცინცაძის, კათალიკოს-პატრიარქების ლეონიდესი და კირიონ II-ის საქმიანი მიმოწერა, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა, მათ მიერ შეგროვილი რარიტეტებად ქცეული უნიკალური წიგნები, გიორგი ჩიტაიას და ვერა ბარდაველიძის საინტერესო ეპისტოლარული მემკვიდრეობა დედნების სახითაა წარმოდგენილი.

„საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მთავარი მისია იყო შეეგროვებინა ის საისტორიო მასალა, რომელიც საზღვარგარეთ იყიდებოდა. გამოფენის მომზადების დროს, შევეცადეთ საზოგადოებისათვის წარმოგვეჩინა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ისეთი მოღვაწეები, რომლებიც ჩრდილში არიან მოქცეულნი და რომელთაც უზარმაზარი ენერგია ჩადეს იმისათვის, რომ შეეკრიბათ ეს მასალა და მომავალი თაობისთვის გადაერჩინათ",- განაცხადა მანანა ლილუაშვილმა.

თსუ-ს პროფესორმა ქეტევან ხუციშვილმა ქართული საზოგადოებისთვის ეთნოლოგიური კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ამ გამოფენით კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ ეთნოლოგიური კვლევების მნიშვნელობა ქართული საზოგადოებისთვის, როგორც მთლიანად საზოგადოების, ისე სამეცნიერო საზოგადოებისთვის. თავის დროზე, საისტორიო - საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობამ დაუდო საფუძველი სამომავლოდ უნივერსიტეტის დაარსებას, სხვა სამეცნიერო დარგების გაშლას და განვითარებას",- აღნიშნა ქეთევან ხუციშვილმა.

ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1907 წელს დაარსებულმა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებამ საკუთარ თავზე აიღო საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ზნე-ჩვეულებებისა და ხელოვნების ნიმუშთა შეგროვება-შესწავლა. სწორედ ამ საქმეს ემსახურებოდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელიც 1907 წელს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მეცნიერისა და ჭეშმარიტი მამულიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის უშუალო თაოსნობით დაარსდა. ექვთიმემ თავიდანვე შემოიკრიბა მოწინავე ქართველი ინტელიგენცია: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია მაჩაბელი, ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, დავით და ალექსანდრე სარაჯიშვილები და სხვები. ფაქტობრივად, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება იყო პირველი სამეცნიერო დაწესებულება საქართველოში, რომელმაც იტვირთა სახალხო უნივერსიტეტის ფუნქცია და მოამზადა ნიადაგი პირველი ეროვნული უნივერსიტეტის გასახსნელად.

გამოფენაზე პირველადაა წარმოდგენილი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა, მათ მიერ შეგროვილი რარიტეტებად ქცეული უნიკალური წიგნები. განსაკუთრებით საინტერესოა მიმოწერა მსოფლიო მნიშვნელობის ეთნოლოგებთან: ო. ბუდინთან, ტ. დოლგიხთან,მ. კოსვინთან, რ. გერტრუდთან, დ. ფიგოლთან,ნ, კოსველთან, ა. ტიუმენოვმთან, მ. იშტვანოვიჩთან, ლ. კუნცთან, ლ. მინკოსთან, ტ. ხადიხთან, ნანკის, ბრნოსა და ჩიკაგოს მუზეუმების წარმომადგენლებთან და სხვებთან.

საარქივო ჩანაწერები და ფოტო მასალა დაცულია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ფონდში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ არქივში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა