ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია და განიხილეს უშუალოდ ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებული მონაკვეთების მშენებლობის დინამიკა.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალურ სექტორზე, სადაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა დაახლოებით 100 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა სოფლის მეურნეობის სექტორში დაგეგმილ პროექტებს, რომელმაც აღნიშნულ სფეროში ხელი უნდა შეუწყოს პროდუქტიულობის ზრდას. აქცენტი გაკეთდა ენერგოეფექტურობისა და ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც.

მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობის ზრდა და იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს. კერძო სექტორში EIB-ს გამოყოფილი აქვს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია,“ - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა