მამინაცვალი, რომელსაც ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ბრალს არ აღიარებს

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, არასრულწლოვან გერებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, ზრუნავდა და ზრდიდა, როგორც შვილებს. ძალიან გულნატკენია, რომ ასეთი ბრალდებით გაასამართლეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებული გ.ფ.-ს ადვოკატმა, თამარ გაბოძემ განუცხადა.

როგორც გაბოძე განმარტავს, მამაკაცი, რომელსაც დღეს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თავს დამნაშავედ არ სცნობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„ის დაკავებიდანვე არ სცნობდა თავს დამნაშავედ. რა თქმა უნდა, განაჩენს გავასაჩივრებთ. არსებობდა არასრულწლოვანთა ჩვენებები, რომელთაც ჩვენ სადავოდ ვხდიდით. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, - აცხადებს გაბოძე.

როგორც ის განმარტავს, მსჯავრდებული მამაკაცი მის დაკავებას ოჯახის წევრებს უკავშირებს.

„თვითონ აცხადებს, რომ მისი დაკავების ინტერესი ოჯახის წევრებს ჰქონდათ, კერძოდ კი, მეუღლის დედას. ვიმეორებ, მისი თქმით, ის უდანაშაულოა. ბრალის მიხედვით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 4 წლის განმავლობაში ახორციელებდა ძალადობას, მაგრამ თავს დამნაშავედ არ ცნობს“, - დასძენს ადვოკატი.

მამაკაცი, რომელიც ორი არასრუწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის არის მსჯავრდებული, 2018 წლის 28 აგვისტოს დააკავეს. შემთხვევა თბილისში მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, გ.ფ წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან.

სამართალდამცველებმა გ.ფ თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.