მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ, მოსახლეობაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას, ცხოველების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილებები თავად მიიღონ

მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ, ადგილობრივ მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას, ცხოველების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილებები თავად მიიღონ.

შესაბამისი ცვლილებები “ცხოველთა სამყაროს შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.

უფრო კონკრეტულად, გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს. ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირებას მუნიციპალიტეტები სამინისტროსთან გაფორმებული უფლებამოსილების დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებენ.

როგორც საკანონმდებლო პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ასეთი სახის ხელშეკრულებების შედეგად, ბუნებრივი გარემოდან ამოღებულ იქნა 100-მდე მგელი და 60-მდე ტურა.

ამასთან, ინიციატორთა განმარტებით, დღეს არსებული პროცედურა - უფლებამოსილების დელეგირება ხელშეკრულების საფუძველზე, მნიშნელოვნად აფერხებს გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღებას, რაც მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

“სამწუხაროდ, უფლებამოსილების ხელშეკრულებით დელეგირების პროცედურა ხშირად დიდ დროს მოითხოვს, ვინაიდან რამდენიმე ეტაპს მოიცავს. კერძოდ, მუნიციპალიტეტი შესაბამისი თხოვნით სამინისტროს მიმართავს, სამინისტრო შეისწავლის საკითხს და ამზადებს ხელშეკრულების პროექტს გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე. შემდეგ ამ პროექტს შესათანხმებლად უგზავნის მუნიციპალიტეტს, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ პროექტის შეთანხმების შემდეგ, პროექტი გადაწყვეტილების მისაღებად, მთავრობას წარედგინება. მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხელშეკრულებას ხელს აწერს სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი და იგი საბოლოოდ ეგზავნება მუნიციპალიტეტს. აღნიშნული პროცედურა, მუნიციპალიტეტის მიერ საკითხის დასმიდან მისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭებამდე, როგორც წესი, გრძელდება 2-3 თვემდეც, რის გამოც დროულად ვერ ხერხდება საფრთხეზე რეაგირება და გარეული ცხოველებისგან მოსახლეობის დაცვა, მაშინ როცა ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონებასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილება დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს და დაყოვნება ხშირად მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს აყენებს მოსახლეობას“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა