ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბზის უკანონოდ მოჭრისგან თავი შეიკავონ

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბზის უკანონოდ მოჭრისგან თავი შეიკავონ. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეს სანქციები დაეკისრება.

"წლებია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კამპანიას „ნუ მოჭრი ბზას" ბზობის დღესასწაულის წინ განსაკუთრებულად აქტიურს ხდის. კოლხური ბზა, რომელიც ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, ჩვენი ტყეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ისედაც წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.

საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ კანონის თანახმად, წითელი ნუსხით დაცული სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს, აკრძალული და დასჯადი ქმედებაა. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მათი მოპოვება განსაკუთრებით იწვევს პასუხისმგებლობის დადგომას. ამაზე, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ჯარიმა მოქმედებს, რომელიც 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო მეორე მხრივ, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოზე მიყენებული ზიანი ითვლება და თუ ეს თანხა 1000 ლარს სცდება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დგება", - განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, თუ მოსახლეობა ქოთანში გაზრდილ ბზას შეიძენს.

„მოსახლეობას ტრადიციულად მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ, პირველ რიგში, ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ბუნებრივ გარემოში ბზების დაზიანებისა და მოჭრისგან. ასევე მოვუწოდებთ, რომ ნუ შეიძენენ ასეთ მოჭრილ ტოტებს, თუ არ არიან დარწმუნებულები, რომ ის კანონიერადაა მოპოვებული სანერგეთში ან კერძო საკარმოდამო ნაკვეთში. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, გამყიდველს მოსთხოვოს ასეთი ცნობის წარმოდგენა. სანქციებს რაც შეეხება, გავიმეორებ, ჩვენი სამსახურები 24- საათიან რეჟიმში, განსაკუთრებით ამ წინასააღდგომოდ, მონიტორინგს ახორციელებენ როგორც გზებზე, ასევე ტყის ტერიტორიებზე. თითოეული ფაქტი გამოვლენილი იქნება და მასალები შესაბამის ორგანოებს გადაეცემა," - აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა.

მისი თქმით, ბზის მოჭრის ყველაზე გახშირებული შემთხვევები დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელო-ზემო სვანეთში ფიქსირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა