ლევან მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე - საბოლოო ჯამში, მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით

კარგი იქნებოდა, რომ გირგვლიანის საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა და უნდა განმეხილა, - ასე უპასუხა მოსამართლე ლევან მურუსიძემ კითხვას, ეთანხმებოდა თუ არა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს იმ შეფასებაში, რომ ის წინა ხელისუფლების დროს სისტემის მსხვერპლი იყო.

ლევან მურუსიძის თქმით, მან სანდრო გირგვლიანი საქმესთან დაკავშირებით, კანონის ფარგლებში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„როდესაც საუბრობენ სისტემის მსხვერპლზე, გულისხმობენ სანდრო გირგვლიანის საქმეს. მე მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, რომ ამ საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა და უნდა განმეხილა. საბოლოო ჯამში, მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით. უბრალოდ საბოლოო ჯამში, საუბრობენ იმაზე, რომ ლევან მურუსიძეს უნდა ჩაედინა გმირობა და ან მანტია უნდა გაეხადა პროტესტის ნიშნად, ან სხვა მოქმედება განეხორციელებინა. კი ბატონო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ვარ გმირი და გმირობა ან უნდა ჩამედინა, ან არ უნდა ჩამედინა. ეს საკამათო თემაა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, იმ პირობებში, რომ საქმე ამოსული იყო უზენაეს სასამართლოში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობდა ბრალდების მხარის საჩივარი. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო სხვა გადაწყვეტილება, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მივიღეთ. სხვათ აშორის, 3 წლის განმავლობაში არასამთავრობო სექტორს მოვუწოდებ, რომ ჩადგნენ ლევან მურუსიძის მდგომარეობაში, იმ ვითარებაში, რაშიც მაშინ ვიყავი, დაწერონ გადაწყვეტილება და ისე შევაფასოთ მერე“, - განაცხადა მურუსიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“.

წამყვანის კითხვაზე, ლევან მურუსიძეს რა უშლიდა ხელს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში არსებული ხარვეზების შესახებ ეთქვა, როცა მისი ოჯახი სამართალს ვერ პოულობდა, მურუსიძემ განაცხადა: „სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს იმ პირის საქმე, რომელიც პასუხისგებაში არ არის მიცემული პროკურატურის მიერ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო