ადვოკატთა ასოციაცია - ვენეციის კომისიის დასკვნა სრულადაა თანხვედრაში იმ ძირითად თეზისებთან, რომელიც ადვოკატთა კორპუსმა რეზოლუციის სახით შეიმუშავა

ვენეციის კომისიის დასკვნა შეიცავს ძალზედ ყურადსაღებ მითითებებს და იმედს ვიტოვებთ, რომ პარლამენტი სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებს აღნიშნულ რეკომენდაციებს, გაითვალისწინებს მათ და ამით პოზიტიურ წვლილს შეიტანს სანდო და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაში, - ამის შესახებ ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში.

ადვოკატთა ასოციაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვენეციის კომისიის დასკვნა ყურადსაღებ მითითებებს მოიცავს და ის სრულადაა თანხვედრაში იმ ძირითად თეზისებთან, რომელიც ადვოკატთა ასოციაციამ რეზოლუციის სახით შეიმუშავა.

ადვოკატთა ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი აღნიშნულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა სრულადაა თანხვედრაში იმ ძირითად თეზისებთან, რომელიც ადვოკატთა კორპუსმა რეზოლუციის სახით შეიმუშავა მიმდინარე წლის თებერვალში.

კერძოდ, ვენეციის კომისია ნათლად მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ამასთან, იმისთვის რომ უზენაესი სასამართლო არ იქცეს დახურულ ინსტიტუციად, დაკომპლექტების პროცესი უნდა ეფუძნებოდეს მრავალფეროვნების პრინციპსა და იურიდიული პროფესიის ფართო წარმომადგენლობას. აღნიშნული პათოსის გაგრძელებაა ვენეციის კომისიის ის არგუმენტიც, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატს, რომელიც მაღალი პროფესიული რეპუტაციით სარგებლობს, არ უნდა მოეთხოვებოდეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.

აგრეთვე, ვენეციის კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ უზენაეს სასამართლოში, რომელიც არის დავის განხილვის საბოლოო ინსტანცია, მოსამართლეთა გამწესების პროცესი უნდა სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით. ამიტომ, კომისიის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაძლოა გააჩნდეს საზოგადოების დაბალი ნდობა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა უნდა განხორციელდეს უდიდესი სიფრთხილითა და ყურადღებით.

აღნიშნულის გამოძახილია ვენეციის კომისიის ის რეკომენდაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეფასდნენ არა ფარული კენჭისყრით, არამედ ქულათა სისტემით, წინასწარ განსაზღვრული და საჯაროდ გამოქვეყნებული კრიტერიუმების საფუძველზე. ეს შექმნის იმის წინაპირობას, რომ უზენაეს სასამართლოში გამწესდებიან მაღალი რეპუტაციის, პიროვნული სიმტკიცის, სამართლიანი და კეთილსინდისიერი კანდიდატები, რომელთა გამწესებაც არ იქნება დამოკიდებული სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე.

ასევე, აღსანიშნავია ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციები, რომელიც მიუთითებს, რომ საბჭოს წევრის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს შესაბამისად დასაბუთებული და იუსტიციის საბჭოს ის წევრი, რომელიც მონაწილეობს კონკურსში, სრულად უნდა ჩამოშორდეს საკონკურსო პროცესს.

მიგვაჩნია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა შეიცავს ძალზედ ყურადსაღებ მითითებებს და იმედს ვიტოვებთ, რომ პარლამენტი სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებს აღნიშნულ რეკომენდაციებს, გაითვალისწინებს მათ და ამით პოზიტიურ წვლილს შეიტანს სანდო და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაში,” - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა