გიორგი კახიანი - კარგია, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნას ითვალისწინებს, იზიარებს. ამის შესახებ კახიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკითხს ამ წუთებში განიხილავენ.

კახიანმა პარლამენტს აღნიშნული საკითხის ჩამოსაყალიბებლად ახალი ფორმულირება შესთავაზა და განაცხადა, რომ საკანონმდებლო ტექნიკის კუთხით ეს მუხლი არსებული რედაქციით გამართული არ არის.

„კარგია, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნების ძირითადი ნაწილი არის გათვალისწინებული, მათ შორის, შენიშვნა, რომელიც ეხება საკვალიფიკაციო გამოცდებისგან გათავისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების. ჩემი წინა გამომსვლელები ძალიან ნერვიულობდნენ და ამბობდნენ, რომ საკანონმდებლო ტექნიკის კუთხით ეს მუხლი არ არის გამართული, რასაც ვეთანხმები. მართლაც, საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით შეიძლება გაჩნდეს კითხვები რამდენად ხდება ამ რეკომენდაციის ბოლომდე გაზიარება. იმისთვის, რომ დაწყნარდნენ ჩვენი კოლეგები, ვფიქრობ, ეს საკითხი გამოსასწორებელია. ეს მხოლოდ ტექნიკური ნაწილია. ჩემი მოსაზრებით, მე-7 და მე-8 პუნქტები ამოსაღებია, ზედმეტია ამ მუხლისთვის, როდესაც ვამბობთ, რომ თავისუფლდებიან კანდიდატები საკვალიფიკაციო გამოცდისგან. ასევე, მე-4 პუნქტი, რომლის ამოღებაც ხდება წარმოდგენილი რედაქციით, პირიქით, უნდა აღდგეს. შესაძლოა, ფორმულირება იყოს ამგვარად ჩამოყალიბებული - „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა, რომლის პროფესიული გამოცდილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მაღალ სტატუსს“. მაგრამ შესაძლებელია კიდევ უფრო მკაფიო ფორმულირება 34-ე მუხლის ზედა პუნქტებშიც რომ ცალსახად ვთქვათ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები თავისუფლდებიან გამოცდისგან“, - განაცხადა კახიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა