სოფიო ხორგუანი გალაკტიონის ქუჩის მცხოვრებთა განცხადების საფუძველზე სათანადო უწყებებს მათი პრობლემების მოგვარებას სთხოვს

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს თემურ მღებრიშვილს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს მიმართავს და მათ კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტას სთხოვს.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს. ერთ-ერთი შეხვედრისას გალაკტიონის ქუჩის მცხოვრებლებმა მას დახმარება სთხოვეს.

არსებული ინფორმაციით, გალაკტიონის ქუჩის 3 ნომრიდან 11 ნომრამდე მდებარე მონაკვეთზე 14 რესტორანი და ღამის კლუბი ფუნქციონირებს, რაც ამ ქუჩაზე მცხოვრებ ხალხს გარკვეულ პრობლემებს უქმნის. ამჯერად, მოქალაქეები დახმარებას და პრევენციული ზომების გატარებას, კონკრეტული შემთხვევის გამო, ითხოვენ.

კერძოდ, საქმე ეხება 2019 წლის 13 აპრილის ღამეს მომხდარ ფაქტს, როცა გალაკტიონის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ,,ბერნარდის“ გამწოვებიდან სახურავზე მასშტაბური დაკვამლიანება გაჩნდა. საბედნიეროდ, კვამლი დროულად შენიშნეს და სახანძრო სამსახურის, ასევე, დროული რეაგირების შედეგად, მისი ლიკვიდაცია სწრაფად მოხდა.

,,შიდა ეზოს მხარეს, სადაც რესტორნების გამწოვებია განლაგებული, ხის ლოჯიები და აივნები მდებარეობს. აღნიშნული შემთხვევის დროს, გამწოვებიდან ცხელი ჰაერი სადარბაზოებში შემოდიოდა, ლოჯიები და აივნები ძალიან იყო გახურებული, რაც მეხანძრეებმაც შენიშნეს. ვითხოვთ, რესტორნების და ღამის კლუბების მესაკუთრეებმა დამონტაჟებულ გამწოვებს ადგილი შეუცვალონ ან იზოლაციის საშუალებები გამოიყენონ, რათა სავარუდო უბედური შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. ჩვენი მოთხოვნაა, ასევე, სათანადო სამსახურებმა ადგილზე შეამოწმონ, რამდენად არის სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული“, - აღნიშნა სოფიო ხორგუანთან შეხვედრისას გალაკტიონის ქუჩის მცხოვრებმა მანანა იაშვილმა.

მოქალაქეები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ დასახელებულ მისამართზე მდებარე სახლებიდან სამ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებულ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს განეკუთვნება ის აივნებიც, რომელზეც რესტორნების გამწოვებია დამონტაჟებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სოფიო ხორგუანი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, თემურ მღებრიშვილს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს მიმართავს თხოვნით, რომ მათ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ ზედამხედველობა და გააკონტროლონ, რამდენად არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები: ხომ არ ექმნება საფრთხე ადამიანთა სიცოცხლეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს? უძრავ ძეგლებზე წარმოებულ სამუშაოებზე რამდენად არის დაცული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები?

,,უნდა აღვნიშნო, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მსგავს პრეცენდენტს უკვე ჰქონდა ადგილი. გამომწვევ მიზეზად იქაც, სწორედ, გამწოვები დასახელდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ პრობლემა სისტემას აქვს და არსებობს საფრთხეები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვიმედოვნებ, რეაგირება დროულად მოხდება და სათანადო სამსახურები საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებენ. რისკებს სწორად შეაფასებენ და უზრუნველყოფენ კანონმდებლობის დაცვას. კანონის დაუცველობითა და საჯარო მოხელეთა უმოქმედობის მიზეზით სახლები თუ დაზიანდა, არა მხოლოდ მესაკუთრეები დაზარალდებიან, არამედ თითოეული ჩვენგანი. საჯარო მმართველობა საზოგადოების კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს და აქედან გამომდინარე, ველოდებით კანონიერ, დროულ, მიზანშეწონილ, ეფექტურ და ეფექტიან მმართვლობით ღონისძიებებს“, - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოფიო ხორგუანმა.

შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა