ინფექციონისტი  მაია ბუწაშვილი - ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია აღინიშნება, თუმცა, რეზისტენტული ტუბერკულოზი გამოწვევად რჩება

საქართველოში, ბოლო წლებში ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია აღინიშნება, თუმცა, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება რეზისტენტული ტუბერკულოზი, რა დროსაც, მედიკამენტი პაციენტის ორგანიზმში არსებულ ტუბერკულიოზის ბაქტერიას ვერ კლავს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა და კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმმა მაია ბუწაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, რეზისტენტულ ტუბერკულოზთან და მის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა გაძლიერებულია. მაია ბუწაშვილი იმ მიზეზებსაც აკონკრეტებს, რამაც შესაძლოა, რეზისტენტული ტუბერკულოზი გამოიწვიოს.

„საქართველოში ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების კლებადი ტენდენცია შეინიშნება. ფაქტორივად, 2011 წელთან შედარებით, ნახევარი გვაქვს წლიური შემთხვევების. 3000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება ყოველწლიურად, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება რეზისტენტული ტუბერკულოზი, ანუ ტუბერკულოზის ის ფორმა, რომელიც გამძლეა მედიკამენტების მიმართ. არსებობს ერთი ან ორ პრეპარატზე რეზისტენტობა და ასევე რამდენიმე პრეპარატზეც, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს პაციენტის ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით გაძლიერებულია მუშაობა, რომ რაც შეიძლება მეტად მოხდეს ბრძოლა რეზისტენტულ ტუბერკულოზთან. მიზეზებს დავაკონკრეტებ: ეს არის დაგვიანებით დაწყება მკურნალობის, რაც შეიძლება პაციენტის ბრალი იყოს და ტუბერკულოზთან დაკავშირებული სტიგმის, რომ გვიან მიმართოს ექიმს. შეიძლება იყოს სამედიცინო პერსონალის ბრალიც, რომ დროულად ვერ მიიტანს ეჭვს და ვერ დასვამს დიაგნოზს. რეზისტენტობის ერთ-ერთი მიზეზია ასევე ნაადრევად შეწყვეტილი მკურნალობა და მკურნალობაზე არასწორი დამყოლობა. ყველაფერი ამის გაუმჯობესება შესაძლებელია დროული გამოვლენით, ექიმების განათლებით და მედიის დახმარებით, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდით“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა და დასძინა, რომ ტუბერკულოზის დიაგნოზის დროული გამოვლენისთვის ახალი ნაბიჯი გადაიდგა, რაც დიაგნოსტიკის ახალი მეთოდის, აპარატ Genexpert-ის გამოყენებას გულისხმობს.

მისი თქმით, ამ აპარატით, ოჯახის ექიმს, ფტიზიატრის გარეშე, რამდენიმე საათში შეეძლება ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმა ნახველში ტუბერკულოზის ბაქტერიის განსაზღვრით.

„რაც შეეხება დროულ გამოვლენას, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნი ნაბიჯი გადაიდგა. ეს გახლავთ დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი, აპარატ Genexpert-ის გამოყენებით. ასეთი უკვე საქართველოს ყველა რეგიონში დგას. კიდევ იგეგმება დამატებით Genexpert-ების დადგმა. „ჯინექსპერტი“ არის მოწყობილობა, რომელიც სვამს ტუბერკულოზის დიაგნოზს რამდენიმე საათში, ნახველში ტუბერკულოზის ბაქტერიის განსაზღვრით. კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ აუცილებლად ფტიზიატრთან გადამისამართება აღარ არის საჭირო, ოჯახის ექიმს შეუძლია, თვითონვე გაუშვას პაციენტი „ჯინექსპერტზე“ სადიაგნოსტიკოდ. ამით მცირდება პაციენტის გარემოსთან კონტაქტის პერიოდი. თვითონ პაციენტისთვისაც ძალიან სასარგებლოა, რომ დროულად ისმევა დიაგნოზი და გარშემომყოფებისთვისაც, რადგან ნაკლებად დაინფიცირდებიან მისგან. ამიტომ ახლა უკვე გახანგრძლივებული ხველის პირობებში, პაციენტებს შეუძლიათ ოჯახის ექიმებს მიმართონ და დროულად გაირკვევა ხომ არ აქვთ ტუბერკულოზი“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა