მაია ცქიტიშვილმა პეკინში „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალური ფორუმის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის თემატურ ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას, როგორც მისი მონაწილე ქვეყნებისთვის, ისე - საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენებისათვის.

ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის მნიშვნელობაზე, აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერებისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის კუთხით.

„საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას და აქტიურადაა ჩართული მის განვითარებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც 2015 წლის მარტში პირველებმა მოაწერეს ხელი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარების თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამ ინიციატივას ჩვენ განვიხილავთ ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერებისა და მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების უპრეცენდენტო მექანიზმად. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის იანვარში ძალაში შევიდა ჩინეთსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მე ვამაყობ, რომ დღეს საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით სარგებლობს როგორც ევროკავშირთან (DCFTA), ისე ჩინეთთან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მნიშვნელობაზე რეგიონში. მან აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მდებარეობის, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის, ძლიერი გარე სავაჭრო ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო მიისწრაფვის, ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების მიმოქცევისთვის უმოკლესი და უსაფრთხო მარშრუტი გახდეს.

ვიცე-პრემიერმა მოუწოდა ფორუმის ყველა მონაწილეს 2019 წლის ოქტომბერში დაესწრონ აბრეშუმის დიდი გზის მესამე ფორუმს თბილისში. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს, განსაკუთრებით, სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს მოწვევისა და მასპინძლობისთის.

სამინისტროს ინფორმაციით, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას მხარი სამი წლის განმავლობაში 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა და ჩაერთო მასში. უწყების ცნობით, საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა