ჩეხეთის კარიტასმა თსსუ-ს ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას 400 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას 400 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა. აპარატურა განკუთვნილია კლინიკის ინტენსიური მოვლის და ნეონატალური განყოფილებებისთვის.

ჩეხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროექტი - „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების დანერგვა საქართველოში“ ინიცირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

ღონისძიებაზე შეკრებილების განცხადებით, პროექტის მიზანი ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებაა ინკურაბელური და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისათვის. ამ მიზნით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტროსთვის ტექნიკურ მხარდაჭერას ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების ინსტიტუციურ მოწყობაში, ასევე, აღნიშნულ კლინიკას დახმარებას უწევს ბავშვთა სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი ლია ძიძიგური აღნიშნავს, რომ დღეს "საზეიმო დღეა" და ჩეხეთის რესპუბლიკას მადლობას უხდის.

"ჩვენ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან ვთანამშრომლობთ უკვე ერთი წელია. კლინიკის გვერდზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ააშენებს ხუთსართულიან კორპუსს, რომელიც ჩვენს კლინიკას შეუერთდება. მეხუთე სართულზე განთავსებული იქნება პალიატიური სერვისი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვისაც. ამ სერვისში მოიაზრებიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. არიან მუდმივად ხელოვნურ სუნთქვაზე, აპარატული რეჟიმზე და აქვთ სხვა ისეთი ქრონიკული დაავადებები, რა დროსაც ბინაზე ვერ ეწერებიან და მუდმივი მონიტორინგი, ინტენსიური თერაპია სჭირდებათ. 15 საწოლზეა განკუთვნილი ეს განყოფილება და მიხარია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ და კარიტასმა ასეთი სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოს ბავშვებს დახმარებოდა. ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკა წამყვანია ამ სერვისის მიწოდებაში,” – განაცხადა ლია ძიძიგურმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ზაზა ბოხუას განცხადებით, მხარეებს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, დღეს მხოლოდ პირველი ეტაპი განხორციელდა.

„დიდი მადლობა ჩეხეთის რესპუბლიკას. ეს წინგადადგმული საკმაოდ დიდი ნაბიჯია. იმიტომ, რომ აღნიშნული სერვისი ჩვენ არ გვქონია. პაციენტები სხვადასხვა კლინიკაში იწვნენ. ეს იქნება სპეციალიზებული დაწესებულება, კლინიკა, რომელსაც სამედიცინო უნივერსიტეტი ააშენებს და ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოში ის სერვისი გვექნება, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში უნდა იყოს,“ - განაცხადა ზაზა ბოხუამ.

ღონისძიებას ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ირჟი პრეცლიკი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა