10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს, რომელიც ტრეფიკინგშია ბრალდებული, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ.

სხდომა ბრალდების მხარის მოთხოვნით დახურული იყო, ვინაიდან პროცესზე არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები უნდა გამჟღავნებულიყო.

1982 წელს დაბადებულ უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ედება ბრალად. დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, 4 ბავშვი იულია სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, ხოლო დანარჩენი 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა.

შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა