ნათია თურნავა - ქართული წარმოების მხარდასაჭერად ვიწყებთ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ახალ ეტაპს

1-ელი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა ეძლევა, ელექტროენერგია ბაზარზე საბაზრო ფასად შეისყიდონ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე დაშვება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლის ტარიფზე დატვირთვას შეამსუბუქებს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად.

მათივე ცნობით, ამით საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აღნიშნა, მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოები საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული კომპანიები არიან.

„პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოები საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული კომპანიები არიან. ისინი ქმნიან საქართველოს ეკონომიკის დიდ ნაწილს, არიან უმსხვილეს დამსაქმებლებს შორის. ჩვენ თითოეულ მათგანთან ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებას ენერგობაზარზე ისინი მომზადებული შეხვდნენ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოები ორიენტირებული არიან, გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა.

ნათია თურნავას თქმით, რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ტექნოლოგიური გადაიარაღების პროგრამებზე, რომლის შედეგადაც ისინი ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას შეძლებენ. ბაზრის დერეგულირებამ მათ მისცა დამატებითი სტიმული, რომ მეტი იფიქრონ ენერგოეფექტურობასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

„პირადად ვაპირებ უახლოეს პერიოდში ვეწვიო რეფორმის მონაწილე თითოეულ ქართულ ინდუსტრიულ საწარმოს და ადგილზე გავეცნო, როგორ ემზადებიან, გახდნენ ენერგოეფექტურები. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ მათ არა მხოლოდ ენერგეტიკული საკითხების გადაწყვეტაში დავეხმაროთ, არამედ რაშიც შეგვეძლება, გვერდში ამოვუდგეთ. ქართული წარმოების მხარდაჭერა ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი არის და იქნება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკული რეფორმა კარგი სტიმული გახდება იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქართველოს გენერაციის ობიექტებში დამატებითი ინვესტიციას განხორციელებით არიან დაინტერესებულნი. ვფიქრობ, ამ რეფორმით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების, ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ქართული ინდუსტრიის აღორძინებისთვის, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა