გედევან ფოფხაძე უმრავლესობას - ამბრაზურასავით ხართ გადაფარებული კლანს, რომ არიქა, ცივი ნიავი არ შეეხოს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, მეთოფიშვილს

გადაფარებული ხართ ამბრაზურასავით კლანს, რომ არიქა, ცივი ნიავი არ შეეხოს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, მეთოფიშვილს და იმ ადამიანებს, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი მართლაც სამართლებრივად შექმნეს,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პლენარულ სხდომაზე.

გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა მეორე მოსმენაზე უნდა დაბრუნდეს.

მისივე თქმით, ნათელია, რომ უმრავლესობა ე.წ. კლანის დავალებას ასრულებს.

“ბატონო ანრი, აქ დამრიგებლური ტონი ჩვენი მისამართით ცოტა გადაჭარბებულია. ან ამერიკის ელჩის განცხადება არ მოგისმენიათ, ან ვენეციის კომისიის დასკვნა არ წაგიკითხავთ? თქვენ გჯერათ იმის, რასაც გვეუბნებით? მართლა გინდათ დაგვაჯეროთ იმაში, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არის გაზიარებული? ამას ვერაფერს დავარქმევ, გარდა იმისა, რომ თქვენ ახლა ოღონდ შედეგს მიაღწიოთ და ყველაფერს იტყვით და ყველაფერს გაამართლებთ. ჩემთვის ნათელია, რომ შეკვეთა სრულდება, თქვენ ხართ ამ შეკვეთის შემსრულებელი, ეს შეკვეთა კი მოდის იუსტიციის საბჭოს იმ კლანისგან, რომელმაც სასამართლო სისტემა ჩაიგდო ხელში და გადაფარებული ხართ ამბრაზურასავით ამ კლანს, რომ არიქა, ცივი ნიავი არ შეეხოს მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, მეთოფიშვილს და იმ ადამიანებს, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი მართლაც სამართლებრივად შექმნეს. ეს არის თქვენი ამოცანა და ამის იქით არგუმენტები, რომელსაც თქვენგან ვისმენ, ეს არგუმენტები არ არის. შანსი გაქვთ დააბრუნოთ კანონპროეტქი მეორე მოსმენაზე“,- განაცხადა ფოფხაძემ.

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტის განიხილავა მიმდინარეობს. “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე პროექტები სესიაზე მესამე მოსმენით გადის, რითაც განხილვის პროცესი დასრულდება.

კანონპროექტით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი დაკორექტირდა და მასში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია აისახა. კორექტირებულ ვარიანტში აისახა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმების თაობაზე. ასევე ჩაიწერა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, იგი კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე არ სარგებლობს, აგრეთვე არ არის უფლებამოსილი კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას არც ერთ ეტაპზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა