მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და კოორდინატორების მიერ პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და კოორდინატორების მიერ პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. ამის შესახებ მან დღეს ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მათ კანდიდატს ფეიკნიუსებით ებრძვის.

„ხელისუფლება აგრძელებს ყველა იმ მძიმე და მანკიერი ჩარევის პრაქტიკას, რომელიც ეუთოს უმძიმეს დასკვნაშია ასახული. სახეზეა დამოკიდებულება, როცა არც ერთ კომპონენტს არ იცავს და აგრძელებს სახელისუფლებო რესურსის უკანონო გამოყენებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ აღელვებდეთ ვითარება ჩვენს შტაბებში, მით უფრო, როცა ადგილობრივი ადმინისტრაციული შენობები გამოყენებულია საარჩევნო შტაბებად. ჩვენ თუ რამე დარღვევა გვექნა, კონტროლის პალატა ნამდვილად არ გვაპატიებს, რადგან ყველაფერს დეტალურად შეამოწმებს“, - აღნიშნა ზოდელავამ.

საპასუხოდ, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომლის თანახმადაც, ხელფასების გაუცემლობის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და კოორდინატორებმა პარტია დატოვეს.

„სამ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი არჩევნებამდე და წარუმატებელი კამპანიიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მოიგონოს ყველა სახის მიზეზი. რაც შეეხება შტაბებს - გვაქვს ერთი ცენტრალური და კიდევ რამდენიმე შტაბი. მოსყიდვები არ არის ჩვენი ხელწერა და ეს არის 2012 წლის შემდეგ მთავარი მონაპოვარი. ადამიანები, რომლებიც არიან ჩვენს შტაბში, არ არიან ძალოვნების წარმომადგენლები“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩიქოვანმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ კოორდინატორებმა და წევრებმა ხელფასების გაუცემლობის გამო დატოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა