დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლითაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ვითარების შეფასება

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება არის სერიოზული გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ საქართველოს საკითხი არის ძალიან მაღლა საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ, ევროპის საბჭოს დღის წესრიგში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ზალკალიანის თქმით, გადაწყვეტილება მოიცავს ყველა ძირითად საკითხს, რაც დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, მასში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეგიონებში. ამასთან, მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება, მათ შორის გმობს იმ დაუსჯელობას, რომელიც ახლავს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტებს.

2019 წლის 2 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1345-ე სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა მორიგი მეექვსე გადაწყვეტილება.

„გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტს, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ვითარების შესაბამისი შეფასება და იმ გარემოების ხაზგასმა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საფრთხეს უქმნის რეგიონალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტით ევროპის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტებსა და მათზე მართლმსაჯულების არარსებობის გამო. ამასთან გამოხატულია შეშფოთება საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებასა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაზე.

ყურადღება გამახვილებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებულ „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას აქტზე“, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესებულ შემზღუდველ ზომებზე.

დაფიქსირებულია მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის გახშირებული სამხედრო წვრთნები ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და წარმოადგენს საფრთხეს რეგიონისთვის.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, კერძოდ ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და პროგრამას - „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“, როგორც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გაერთიანებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს,” - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა