ქეთევან ციხელაშვილმა წეროვანის მოსახლეობას პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ გააცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი წეროვანის დევნილთა დასახლებაში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილესთან თორნიკე ზირაქიშვილთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და მათ პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა როგორც სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ისე მისი ერთ-ერთი კომპონენტი „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი პროექტი უკვე ამოქმედდა და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებისკენ უხსნის გზას.

შეხვედრაზე მოსახლეობისაგან არაერთი კითხვა დაისვა, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ცხინვალის რეგიონიდან, ახალგორიდან დევნილებთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს, რომელთაც რეგულარული კონტაქტი და შეხება აქვთ ნათესავებთან, თავადაც ცხოვრობენ ახალგორში, სრული ინფორმაცია ჰქონდეთ ყველა იმ სამშვიდობო ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან ხორციელდება. დღეს ვისაუბრეთ ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში გათვალისწინებულ ახალ პროგრამაზე „აწარმოე უკეთესი მომავლისათვის“, რომელიც გათვლილია მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ეკონომიკური საქმიანობისა და გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გზით. ასეთი ვაჭრობა დღესაც მიმდინარეობს და ძალიან ბევრი ოჯახისათვის, არამხოლოდ ქართული ოჯახებისათვის, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია, მეტი ჩაერთოს, მეტმა ისარგებლოს და ამით გვერდში დავუდგეთ იმ უდიდეს წნეხთან გამკლავებისას, რასაც მათ რუსული ოკუპაცია უქმნის“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა