მთავრობის წევრების “მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენის გრაფიკში ცვლილებები განხორციელდა. ბიუროს გადაწყვეტილებით, რამდენიმე მინისტრის მოსმენა, რომელიც პარლამენტის საგაზუფხულო სესიის პერიოდში უნდა გამართულიყო, საშემოდგომო სესიისთვის გადაიდო.
უფრო კონკრეტულად, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მოსმენა 3-6 სექტემბერის კვირაში გაიმართება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს 17-20 სექტემბრის პლენარული სხდომის კვირას მოუსმენენ. 1-4 ოქტომბრის კვირის ფარგლებში გაიმართება ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოსმენა.
“მინისტრის საათის ფორმატში მინისტრების მოსმენა ინტენსიურად მიმდინარეობდა. მაისის ბოლო სასესიო პარასკევს ინტერპელაციის დრო გველის. ასევე გველის მთავრობის ანგარიში, რომელიც ივნისში უნდა წარმოადგინონ. შესაბამისად, გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია და გთავაზობთ, რამდენიმე მინისტრის საათის თარიღი შეცვალოთ“, - განაცხადა ბიუროს სხდომის წამყვანმა, პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.
ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად, საგაზაფხულ სესიის ფარგლებში “მინისტრის საათი“ აღარ გაიმართება.