ლევან ხაბეიშვილი - ზუგდიდში მიმდინარეობს ოპერაცია  „სვავი“

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამართალდამცავებთან ერთად მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს მოტყუებით ართმევენ, რათა მათ არჩევნებზე საკუთარი აზრის დაფიქსირება ვერ შეძლონ. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ გზით ხელისუფლება ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებს.

„ზუგდიდში მიმდინარეობს ოპერაცია „სვავი“. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ ერთი კონკრეტული დავალება, რომ ამ ადამიანებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან უნდა ამოიღონ რაც შეიძლება მეტი პირადობის მოწმობა იმისათვის, რომ ისინი არჩევნებზე ვერ მივიდნენ და ვერ გამოხატონ საკუთარი ნება. გარდა იმისა, რომ დადიან სოფლებში, ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურის უფროსი საკუთარ თანამშრომლებს სამსახურიდან დათხოვნით ემუქრება, თუკი ისინი პირადობებს არ ჩააბარებენ ან ხმას „ქართული ოცნების“ კანდიდატს არ მისცემენ“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ადგილობრივ მონადირეებს კოლხეთის პარკში გაუმასპინძლდნენ, რის შემდეგაც მათაც პირადობების გადაცემა მოსთხოვეს.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ შტაბში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა. შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მათ მშვიდი საარჩევნო კამპანიის წარმოება სურთ.

„ბეჟაშვილი, მინაშვილი და ხაბეიშვილი ჩამწკრივდნენ რიგში და ფიქრობენ იმის შესახებ, თუ რა მძიმე ვითარებაა, თურმე ზუგდიდში. რეალობა არის აბსოლუტურად სხვა. „ქართული ოცნება“ აწარმოებს ძალიან მშვიდ, მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ზუგდიდელებს გეგა შენგელია მისი არჩევის შემთხვევაში. ეს ადამიანები არაერთხელ შეუმჩნევიათ იმაში, რომ ავრცელებენ არაზუსტ ინფორმაციას, ქმნიან, დაძაბულობის ფონს“, - თქვა ჩიქოვანმა.

შტაბის ხელმძღვანელმა ოპონენტებს მოუწოდა, მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში სამართალდამცავებს მიმართონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა