ანა დოლიძე - სასამართლოს გარდა „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ გვყავს შესყიდვებში, რკინიგზაში, წიაღისეულში, სხვა სფეროებშიც - ყველა უწყებაში ანტიკლანური მოძრაობაა დასაწყები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გიორგი ქობულიას გუშინდელმა მესიჯებმა ცხადყო, რომ ქვეყანაში, ყველა სფეროში ანტიკლანური ბრძოლის დაწყების აუცილებლობა დგას.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ „კლანმა“ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტში გაიდგა ფესვები და „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ მხოლოდ სასამართლოს პრობლემა არ არის. დოლიძის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გუშინდელი გამოსვლის მთავარი ხაზიც სწორედ მინიშნება, იყო, რომ „კლანური“ მმართველობა საქართველოში საყოველთაო ფენომენია.

„პირველ რიგში კარგია, რომ მან ამ თემებზე ისაუბრა. მაგალითად: ცოტა ხნის წინ გაუჩინარდა ნინო გვენეტაძე, რომელიც საერთოდ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ თანამდებობაზე, სადაც გაატარა რამდენიმე წელიწადი. ამის ფონზე რა თქმა უნდა, ძალიან მნშვნელოვანია ქობულიას საუბარი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის მთავარი თეზა, რომელიც მან თქვა. მისი მთავარი ხაზი იყო, როგორც მე გავიგე, რომ „კლანებს“, კერძო ინტერესებს სახელმწიფო შიგნიდან ჰყავს შეჭმული. კლანური ინტერესები, მათ შორის: ნეპოტიზმი, ძალაუფლების კონცენტრაცია - ეს ყველაფერი, კლანური ინტერესები არის სახელმწიფო კორპორაციებში, ტენდერებში, შესყიდვებში, რკინიგზაში, წიაღისეულში. ჩამოთვალა უამრავი სფერო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ აღარ არის მარტო სასამართლოს ფენომენი. ერთი ჯგუფი, რომელიც მოაჯდება სახელმწიფო ინსტიტუტებს , ეს აღარ არის მარტო სასამართლოს პრობლემა, ეს გვაქვს ჩვენ მთლიანად სახელმწიფოში, ყველა უწყებაში და მათ შორის ეკონომიკაში. ეკონომიკაში, ეს ნიშნავს, რომ ის კეთილდღეობა, რომელიც იქმნება რეალურად, ზუსტად ამ „კლანების“ ჯიბეში მიდის.

ჩემთვის მთავარი დასკვნა არის, რომ ეს ანტიკლანური ამბავი, რომელიც ჩვენ დაწყებული გვაქვს სასამართლოში, უნდა გაგრძელდეს ყველგან. ერთი ჯგუფის მხრიდან მიკერძოება მთელი სახელმწიფო ინსტიტუტის არის საყოველთაო ფენომენი. ამას სჭირდება ზუსტად ბრძოლის განვრცობა სხვადასხვა უწყებებში“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის მიერ გაკეთებულმა მესიჯებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში არის ისეთი მართვის სტილი, რომელსაც არ ესმის, რომ საქართველო არ არის შპს „საქართველო“.

„ეს არის სახელმწიფო თავისი წესებით, თავისი გამჭვირვალეობით და რაც მთავარია, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე კეთილდღეობის გადანაწილებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქობულიამ გამოიტანა ეს ამბავი სულ სხვა სფეროში, მაგრამ პრობლემები არის ერთი და იგივე. მას გვარები არ დაუსახელებია და ძალიან გვჭირდება, რომ ადამიანები ჩაერთონ ამ საკითხში. მარტო მე და ნაზი ჯანეზაშვილი ხომ ვერ გავაკეთებთ ყველაფერს. ანუ, „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ არის სასამართლოში, მაგრამ „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ ასევე გვყავს შესყიდვებში, რკინიგზაში, წიაღისეულში და ყველა სხვა სფეროში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ანტიკლანური მოძრაობა არის გასატანი სასამართლოდან და დასაწყებია ყველა უწყებაში თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა ჭამონ საჭმელი და ეს ფული არ წაიღოს ვინმე გაზულუქებულმა „კლანის“ წევრმა“, - აცხადებს ანა დოლიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა