პროფესიული განათლების 2019 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ პროფესიული განათლების 2019 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს აცხადებს.

კონკურსის გამოცხადების ღონისძიება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ გახსნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოდან“ აცნობეს, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ფონდის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მესამედ ტარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია.

როგორც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ღია კონკურსში გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური ოთხ კატეგორიაში გამოავლენს: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი.

„“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ უკვე 5 წელია ახორციელებს პროექტებს ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში. პროფესიულ განათლებაში დაიხარჯა 16 მილიონი ამერიკული დოლარი გრანტის სახით, რომელიც გამოყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ სამი წლის წინ ინიცირება გავუკეთეთ პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოს, რომლის მიზანი გახლავთ პროფესიული განათლების პოპულარიზება. წელს შემოდგომაზე გამოვაცხადებთ და დავაჯილდოვებთ 5 გამარჯვებულს,“- განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ინფორმაციით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის მიზანი არის პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, პროფესიულ განათლებაში განხორციელებული რეფორმებისა და გაუმჯობესებული პრაქტიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე ამბობს, სტუდენტების სწრაფი დასაქმებისთვის, ბიზნესს ახალ ინიციატივებს შესთავაზებენ.

„ძალიან მალე, ბიზნესს შევთავაზებთ კონკრეტულ ნაბიჯებს უკვე ზაფხულიდან იმისათვის, რომ მათ, როგორც განათლების მიმწოდებლებმა, შესთავაზონ სტუდენტებს სწრაფი დასაქმებისთვის პროფესიული განათლების კურსები თავიანთ საწარმოებში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ხელს შეუწყობს დასაქმებას, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლების პრინციპების დაცვას და რაც მთავარია, ჩვენი მუშა ხელის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის ზრდას.“ - განაცხადა ირინა აბულაძემ.

კონკურსის გამოცხადების ცერემონიას ესწრებოდნენ შარშანდელი გამარჯვებულებიც. 2018 წლის პროფესიული განათლების სტუდენტის ჯილდოს მფლობელი, თამარ გოგრიჭიანი ამბობს, რომ მოპოვებულმა წარმატებამ საშუალება მისცა გაეღრმავებინა ცოდნა და გამოცდილება.

„გამარჯვებულები წაგვიყვანეს გერმანიაში, სადაც ჩაგვიტარდა თეორიული და პრაქტიკული სწავლებები. ეს იყო ძალიან დიდი მოტივაციის წყარო, მივიღეთ ახალი ინფორმაცია, რომელსაც გამოვიყენებ ჩემი პროფესიული წინსვლისთვის,“- ამბობს თამარ გოგრიჭიანი.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2018 წლის კონკურსის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“; პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი - სს „საქართველოს რკინიგზა“; პროფესიული განათლების სტუდენტი - თამარი გოგრიჭიანი, კოლეჯი „იკაროსი“, მზარეული; პროფესიული განათლების მასწავლებელი - ია მოსაშვილი, საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი (GTU); სამრეწველო ავტომატიზაცია, ციფრული ელექტრონიკა;

„პროფესიული განათლების 2019 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია www.awardtvet.ge - ზე. აქვე იხილავთ კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციასაც. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 ივლისი. გამარჯვებულთა ვინაობა პროფესიული განათლების ყოველწლიურ გალა დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.