ნათია თურნავა -  მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არ არის საკმარისი, არამედ, ზრდა უნდა იყოს ინკლუზიური

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არ არის საკმარისი, არამედ, ზრდა უნდა იყოს ინკლუზიური, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მან ისაუბრა ეკონომიკური ზრდის შესახებ და აღნიშნა, რომ მთავარი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა კი არ არის, არამედ ის, რომ ეს ზრდა ყველა ოჯახზე აისახოს.

„ჩვენ საკმაოდ დინამიური ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაა, მაგრამ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ციფრზე ფოკუსირებულები. ბოლო დროს ვისმენ სხვადასხვა ანალიტიკოსისა და ექსპერტის შეფასებას, მათ შორის ანალიტიკოსია ასევე ბატონი გიორგი ქობულია. მოდის სხვადასხვა ციფრები, მაგრამ მხოლოდ ციფრის დასახელება, თუ რამდენი უნდა იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, არ არის საკმარისი. ზრდა უნდა იყოს ინკლუზიური. არის ქვეყნები, სადაც ორნიშნა ზრდაა, მაგრამ სიღარიბე მძლავრობს და არის ქვეყნები, სადაც ეკონომიკური ზრდა უფრო ზომიერია ჩვენთან შედარებით და იქ სიღარიბის პრობლემა ნაკლებად დგას. მაღალი პროცენტი თავისთავად ნიშნავს განვითარებას, წინსვლას, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ა.შ. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რამდენი პროცენტია, არამედ ის, რამდენად ინკლუზიურია ზრდა. ეს კი არის ზრდა, რომელიც ეხება ყველას, მასში ჩართულია ყველა და რომელიც საგრძნობია ყველა ოჯახისთვის - სწორედ ეს არის მთავარი. ასტანაში საერთაშორისო ფორუმზე ქალბატონი ლაგარდის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის გამოსვლა იყო. მან საინტერესო რამ თქვა, რომ უახლოესი ორი წლის გამოწვევა ეკონომიკური ზრდის შენელებაა, ანუ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის, გლობალური ეკონომიკის 70% განიცდის რეცესიას, ზრდა იქ ნელდება, მხოლოდ დარჩენილ 30%-ში არის წინსვლა და დინამიკა. საქართველო დარჩენილ 30%-შია, რადგან ჩვენი ეკონომიკური ზრდა აღმავალია. ეს საკმარისი არ არის და ეკონომიკური ზრდა ყველასთვის ხელშესახები უნდა გავხადოთ. ჩვენ გვაქვს რესურსი, ზრდა იყოს მეტი და ჩვენი ყველას დავალებაც ეს იყო და დღესაც არის, რომ თუკი რამე რესურსი არსებობს, დავაჩქაროთ გადაწყვეტილებები და ეს ყველაფერი ჩავრთოთ ბრუნვაში. ეს არის დავალება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მოგვცა“, - განაცხადა თურნავამ.

წამყვანის შეკითხვაზე, ეს დავალება ჰქონდა თუ არა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიასაც, თურნავამ უპასუხა, რომ ყველას ერთნაირი დავალება ჰქონდა.

„რასაკვირველია, ეს დავალება ჰქონდა ქობულიასაც. ყველას ჰქონდა ერთნაირი დავალება და ეს დავალება ახლაც არის, რომ ეკონომიკური ზრდა გავხადოთ ხელშესახები ყველა ოჯახისთვის და დავძლიოთ სიღარიბე, რაც ჩვენი მთავარი გამოწვევაა“, - აღნიშნა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა