თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) შტაბბინაში სტუმრობით დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თავდაცვის უწყების დელეგაციას ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლის მოადგილემ, ადმირალ მანფრედ ნილსონმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებული თანამშრომლობა და ერთობლივი სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ გეგმები თანამშრომლობის გაფართოებისკენ არის მიმართული.

„გეგმები ძალიან კონკრეტულია, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისა და პრაქტიკული ურთიერთობის გაღრმავებისკენ არის მიმართული, რაც მოგვცემს მყარ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს ნატოში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ამასთანავე, მინისტრმა ადმირალ ნილსონსა და ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების პოზიტიური დინამიკასა და სწავლების განვითარების შემდგომ პერსპექტივაზე.

„2016-2019 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა - როგორც პარტნიორმა ქვეყანამ, ავიღეთ პასუხისმგებლობა ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა გვემსჯელა შემდგომ პერსპექტივაზე - მორიგ ნატო-საქართველოს სწავლებაზე, რომელიც იქნება მასშტაბებით განსხვავებული და სხვადასხვა ელემენტისგან შემდგარი, როგორიც არის ამფიბიური და სახმელეთო კომპონენტი“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრეს, რაც ნატოს გენერალური მდივნის ყოველწიურ ანგარიშშიც ხაზგასმით აღინიშნა. ლევან იზორიამ ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ ცენტრის ნატოსთან თავსებადობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია უკვე შეხვდა აშშ-ის მე-2 ფლოტის სარდალს, ენდრიუ ვუდი ლუისს და დელეგაციის წევრებთან ერთად ნორფოლკის ფლოტის სადგურში სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ს. ტრუმანი“ დაგეგმილ ტურშიც მიიღო მონაწილეობა. დაგეგმილია შეხვედრა პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან პოლიტიკის საკითხებში ჯონ რუდთან და დისკუსია ატლანტიკურ საბჭოში. თავდაცვის უწყების დელეგაცია საქართველოს საელჩოში თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებასაც დაესწრება. აშშ-ში ვიზიტს ლევან იზორია აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში (USCG) სტუმრობით დაასრულებს, სადაც კურსის გამოშვების ცერემონიალს დაესწრება.

იხილეთ ვიდეო: თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა