საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიებას პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი გახსნის.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე. საინფორმაციო შეხვედრაზე, ტურისტული კომპანიების და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე, პრეზენტაციით წარსდგება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიან ქვრივიშვილი.
„ღონისძიებაზე საუბარი იქნება, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი, უფასო სატრენინგო პროგრამების შესახებ, რომელიც კერძო სექტორისთვისაა განკუთვნილი, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამებსა და გეგმებზე, ტურიზმის სფეროში პროფესიული მომზადება/გადამზადების კუთხით.
ღონისძიების ბოლოს, გაიმართება დისკუსია/კითხვა-პასუხი, ტურიზმის სექტორში არსებულ აქტუალური საკითხებზე.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, შეხვედრა გაიმართება. ღონისძიება 20 მაისს 14:30 საათზე, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ იგეგმება“, - აღნიშნულია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.