მამუკა ბახტაძე - ჩვენი თვალით დავინახავთ უახლოეს მომავალში, რომ საქართველო - დიახ, გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა

ჩვენთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის პანელების ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეტი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

„ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული სწორედ მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე. ისეთ წარმოებებზე, რომლებსაც საექსპორტო პოტენციალი აქვს. ისეთ წარმოებებზე, რომლებსაც აქვს პოტენციალი, რომ საქართველომ ადგილი დაიმკვიდროს როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ქუთაისში, მზის პანელების საწარმოში 300 ადამიანი დასაქმდება. ამასთან ერთად, იქნება მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც პერსონალისთვის საგანმანათლებლო მოდულების დაარსებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ განათლება და ეკონომიკა - ეს არის ორი სექტორი, ორი მიმართულება, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად უნდა ვითარდებოდეს. ერთმანეთს უნდა ავითარებდეს.

მსგავსი საწარმოების გახსნით მჯერა, რომ პირველ რიგში სწორედ განათლების რეფორმა იქნება წარმატებული და პირიქით, ჩვენ განათლების რეფორმის ფარგლებში შევძლებთ, რომ უფრო მეტი ინტერესი შევქმნათ საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ მსგავსი საწარმოები უფრო მეტი რაოდენობით გაიხსნას საქართველოში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე კვირაში ქვეყანაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საწარმოს მშენებლობა დაიწყება და ეს იქნება პირველი ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისსა და ზოგადად რეგიონში. მთავრობის მეთაურის განმარტებით, აღნიშნული დასტურია იმისა, რომ „საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო რუკაზე, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ.“

„რამდენიმე თვის წინ, როცა ამაზე ვსაუბრობდი, ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა. რეალურად ჩვენ ჩვენი თვალით რეალურ ცხოვრებაში, უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო - დიახ, გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს უნიკალური საინვესტიციო პირობები აქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მოვახდინოთ საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტური მეთოდებით. ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ საქართველოს ჰქონდეს გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ყველა მსხვილ ეკონომიკასთან და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ ერთობლივი ძალისხმევით.

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას და კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩემი გულისწადილი. დღეს მსოფლიოში არის ძალიან ბევრი გამოწვევა. ამავე დროს ჩვენ საქართველოში გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის მტკივნეული გამოწვევები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის სტრატეგია და ის ეროვნული იდეა, რომელიც არის განათლების სახით, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება 21-ე საუკუნეში ერთიანი, ძლიერი და მაღალტექნოლოგიებზე არსებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქუთაისში, მზის პანელების საწარმოს მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ისეთ მნშვნელოვან ბაზრებს მოამარაგებს, როგორიცაა ევროკავშირი, აშშ და ახლო აღმოშავლეთი. ასევე, პრემიერ-მინისტრმა ინვესტორებს საქართველოში საწარმოს აშენების გადაწყვეტილების მიღების გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანული კომპანია AE SOLAR, რომელიც ქარხანას ხსნის, მზის წარმოების კუთხით მსოფლიო ლიდერია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა