არასამთავრობო სექტორი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა

IV მექანიზებულ ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებთან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში და „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი თავდაცვის ძალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ქართველ, ასევე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ სამხედროებსა და ბრიგადის ხელმძღვანელობას გაესაუბრნენ.

მათივე ცნობით, არასამთავრობო სექტორი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჯარში ინტეგრაციის კუთხით არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ.

ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, რომ ჯარში, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების ერთიანობა ქვეყნისა და თავდაცვის ძალების სიმყარის საფუძველია. არნოლდ სტეფანიანის განცხადებით კი, საქართველო ამ კონტექსტით რეგიონში სამაგალითოა. მან ყურადღება ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა.

პროექტის იდეა „მინისტრის პირისპირ“ ფორმატში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან მესამე სექტორის შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა. წვევამდელებთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს.