კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მერვე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

სამხედრო ლიცეუმი 62-მა კადეტმა დაამთავრა. ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, მერვე გამოშვებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა.

„ჩვენს ქვეყანაში მთავარი საფუძველია მოქალაქე, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა დაიცვას ქვეყანა საფრთხისგან და თავისი რესურსი მოახმაროს ქვეყნის თავდაცვის ამოცანებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კადეტთა ლიცეუმში მიღებული განათლება გვაძლევს საფუძველს, პიროვნებები პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. პასუხისმგებლიანი მოქალაქე ქმნის ძლიერ სახელმწიფოს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ოფიციალური ნაწილი სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები თავდაცვის მინისტრმა გადასცა.

ამასთან, საზეიმო ღონისძიება წიგნის - „კადეტთა ლექსების კრებული“ პრეზენტაციით კადეტთა კლუბში დასრულდა. ლევან იზორიას ხელშეწყობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „კადეტთა ლექსების კრებული“ გამოსცა, რომელშიც კადეტების მიერ დაწერილი 80 ლექსია გაერთიანებული.

კადეტების მერვე გამოსაშვებ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელი პირები, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ლიცეუმი 62-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 5 ოქროსა და 4 ვერცხლის მედლის კანდიდატია. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ისტორიაში, წელს პირველად, კურსდამთავრებულებს შორის ექვსი გოგონაა. კურსდამთავრებულთა ნაწილი, 26 კადეტი, სწავლის გაგრძელებას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გეგმავს.

იხილეთ ვიდეო: კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მერვე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა