კახა კუჭავა - ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი საცხოვრებელ კორპუსებში გარეთ დამონტაჟებული თბოგამათბობლებია

„ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი საცხოვრებელ კორპუსებში გარეთ დამონტაჟებული თბოგამათბობლებია,“- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიში წარმოადგინა. თემატური მოკვლევის ჯგუფის რეკომენდაციით, საჭიროა თბოგამათბობლის ნამწვის აკუმულირება საცხოვრებელი კორპუსის ერთიან მილში მოხდეს, შემდეგ კი გაიფრქვეს მაქსიმალურად მაღლა.

„ნებისმიერი მშენებლობაც რომ ავიღოთ, განსაკუთრებით კი ძველი მშენებლობები, ნებისმიერი თბოგამათბობელი გარეთ გვაქვს დამონტაჟებული, ნამწვავი გამოდის გარეთ, თუმცა ევროსტანდარტი პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს ამათი აკუმულირება და მაქსიმალურად ზემოთ გაშვება ერთიან მილში. მესმის, რომ უკვე არსებულის შეცვლა რთულია, თუმცა მინიმუმ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ახალი მშენებლობები ამ მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებდეს,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი პრობლემაა, ასევე აზბესტის ხუნდები. კუჭავას თქმით, საჭიროა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მომზადდეს კანონპროექტი და აიკრძალოს აზბესტის შემცველი ნებისმიერი პროდუქციის იმპორტი საქართველოში.

„რადგანაც ფასი იაფია, არ ვუფიქრდებით და ვყიდულობთ აზბესტის ხუნდებს. მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ამ ხუნდებით ხორციელდებოდა. ძალიან კარგად ვიცით, აზბესტი რამდენად მავნებელია ჯანმრთელობისთვის. აზბესტი ზოგადად შეიძლება აკრძალულია, თუმცა აზბესტის შემცველი პროდუქცია საქართველოში ჯერ კიდევ შემოდის, მათ შორის ხუნდები. რომ წარმოვიდგინოთ პროცესი, ყოველი ავტომანქანის დამუხრუჭების დროს, ის ნაწილაკები, რომელიც აზბესტს შეიცავს, გაიფრქვევა ჰაერში, რომელსაც ისევ ჩვენ ვსუნთქავთ. გავეცით რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში მომზადდეს კანონპროექტი და აიკრძალოს აზბესტის შემცველი ნებისმიერი პროდუქციის იმპორტი საქართველოში,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

გარდა ამისა, იურიდიულ პირებს გარემოს დაბინძურებისთვის, შესაძლოა, გადასახადის გადახდა მოუწიოთ.

„დამბინძურებელი იხდის, ეს ის პრინციპია, რომელიც ძალიან მალე საკანონმდებლო ინიციატივით იქნება წარმოდგენილი. გარემოს დაცვის სამინისტრომ დაამთავრა ამაზე მუშაობა. ეს ეხება უშუალოდ იურიდიულ პირებს, იმ მწარმოებლებს, ან იმპორტორებს, რომლებიც ვალდებული არიან მათ მიერ შემოტანილი თუ წარმოებული პროდუქციის გამო გარემოზე მიყენებული ზიანისთვის თვითონვე გადაიხადონ მოგებიდან გადასახადი. ეს არ იქნება მძიმე ტვირთი, მაგრამ ეს ის პრინციპია, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა