ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან სამი წელი შესრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან მესამე წლისთავს აღნიშნავს. ცენტრის დაარსებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დაესწრო და პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე ცენტრის უდიდეს როლზე გაამახვილა. ასევე, მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის როგორც ქართულ მხარეს, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და JTEC-ის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გვაქვს განსაკუთრებული აღიარება. ამას მოწმობს გუშინწინ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ის ამ წარმატების საფუძველზე აღიარებს აღნიშნული ინიციატივის გაფართოების შესაძლებლობას, რაც ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოებაში, მეტი ნატოს პრინციპის უზრუნველყოფაში გამოიხატება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ტრანსფორმირება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეტად განვითარება იმ სტრატეგიული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება, რასაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჰქვია.

ლევან იზორიამ 2019 წელს ჩატარებული ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაც ხაზგასმით აღნიშნა. მას JTEC-მა წელს უმასპინძლა და სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების ფაზის განხორციელებაც ქართული მხარის ორგანიზებით მოხდა. 2022 წელს ერთობლივი სწავლების ჩატარება კვლავ იგეგმება, რომელიც ახალ ფორმატში განხორციელდება და ახალი ელემენტებით იქნება დატვირთული.

„ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) 14 პროექტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ინიციატივაა და საქართველოს თავდაცვის ძალების სწრაფი განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის მისაღწევად, განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, JTEC 2015 წლის 27 აგვისტოს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა. 2016 წლის მაისში ცენტრი საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ერთეულად ჩამოყალიბდა.

იხილეთ ვიდეო: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან სამი წელი შესრულდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა