პრემიერი ფარავნის ტბასთან ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტს და ჯავახეთის დაცული ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნო

ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. დაგეგმილი პროექტები პრემიერ-მინისტრს დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, უკვე დასრულებულია საპროექტო სამუშაოები და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი.

„პროექტი ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის, ფარავნის ტბის ჯებირისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე დაგეგმილია წმინდა ნინოს დედათა მონასტრიდან ფარავნის ტბის სამხრეთ სანაპირომდე საფეხმავლო ბილიკების გაკეთება.

პროექტის თანახმად, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან - წმინდა ნინოს მონასტერთან. ასევე დაგეგმილია მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, მონასტრის შესასვლელთან ავტოსადგომის და ტურისტული ობიექტების მოწყობა, ვიზიტორთა ცენტრის, სადეგუსტაციო ოთახის, სამზარეულოს, საეკლესიო ნივთებისა და სანთლების მაღაზიის მშენებლობა. სამუშაოები ასევე მოიცავს რეგიონისთვის სახასიათო არქიტექტურის ნიმუშის - გვირგვინით გადახურული დარბაზული სახლის აღდგენას, ობიექტების წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილისა და ბიოლოგიური საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობას.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ფარავნის ტბის ნაპირის მოწყობა და წმინდა ნინოს ტაძართან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტების რაოდენობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის.

მთავრობის მეთაური ასევე გაეცნო პრეზენტაციას ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოების შესახებ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაგეგმილია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების 5152 ჰექტრით გაფართოება, რაც აბულის, საღამოსა და ფარავნის ტბებსა და მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამომავლოდ ასევე იგეგმება საღამოსა და ფარავნის ტბებში წარსულში დამახასიათებელი იხტიოფაუნის გამრავლება და თევზის სახეობების აღდგენა.

ბახტაძის განცხადებით, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოების შესახებ კანონპროექტს, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, პარლამენტი განიხილავს“, - აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა