ჩოგბურთში ზაზა დამენიას სახელობის ტურნირი გაიმართა

4 ივნისს, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ინიციატივით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ოზურგეთში, ეროვნული გმირის ზაზა დამენიას სახელობის ტურნირი ჩატარდა ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობა 22-მა სპორტსმენმა მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ზაზა დამენიას დედამ, ციური წერეთელმა საპრიზო ადგილზე გასულ გივი სირბილაშვილს (I ადგილი), მამუკა კილაძეს (II ადგილი) და მამუკა ჩავლეიშვილს (III ადგილი) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები და სიგელები გადასცა. პირველ და მეორე ადგილზე გასული ჩოგბურთელები, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური, უწყების გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი ვეტერანები და ზაზა დამენიას ოჯახის წევრები.

„ტურნირის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ზაზა დამენიას სახელობის ტურნირი ჩოგბურთში წელს დაარსდა და იგი ყოველწლიურად გაიმართება.

საქართველოს ეროვნული გმირი ზაზა დამენია, 1972 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. 1992 წლიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. 1993 წელს აფხაზეთში იბრძოდა. 1995 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2002 წლიდან, ზაზა დამენიამ სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონი „კომანდოს“ რიგებში გააგრძელა.

2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად, „კომანდოს“ ბატალიონი, კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული დაპირისპირებების დროს, ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, რომელთა შორის, ზაზა დამენია იყო. 2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა - კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და სამი ჯარისკაცი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.

დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას, ჭურვის აფეთქების შედეგად, მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა, კაპრალმა პოზიციის დატოვებაზე უარი განაცხადა და თანამებრძოლების გვერდით დარჩა.

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთებული მამაცობისთვის, 2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში