ფაროსანასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, მოსავლის გადარჩენისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - გიორგი თოდუა

აზიური ფაროსანა სამეგრელოში 2015 წელს გამოჩნდა. 2015 წლამდე საქართველო იყო თხილის მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი და იკავებდა მესამე პოზიციას, თურქეთისა და იტალიის შემდეგ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მოსახლეობა, რომლის შემოსავლის ერთადერთი წყარო თხილი იყო, მის გარეშე დარჩა და ეს კრიტიკულად აისახა არა მხოლოდ ფერმერების ფინანსურ მდგომარეობაზე, არამედ საქართველოს ეკონომიკაზეც. მავნებელთან ბრძოლის მიზნით არაერთი ღონისძიება ჩატარდა. „ჩვენ ძალზე ეფექტურად ვიმუშავეთ და შევამცირეთ აზიური ფაროსანის პოპულაცია დასავლეთ საქართველოში, ამ ეტაპისთვის ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. მივაღწიეთ, პრაქტიკულად, მსოფლიოში საუკეთესო შედეგებს და ეს არ არის ხმამაღალი სიტყვები“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ - გიორგი ხანიშვილმა.

2015 წლიდან დღემდე ჩატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი ნამდვილად გამოიღო - ფაროსანას პოპულაცია საგრძნობლად შემცირებულია. თუმცა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ პრობლემის წინაშე სამეგრელოს, გურიისა და აჭარის მოსახლეობა აღარ დადგება? რა მდგომარეობაა წელს? აქვთ, თუ არა ფერმერებს მოდუნების საფუძველი? - ამ კითხვებზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა - გიორგი თოდუამ გვიპასუხა.

„ქვეყანა ფაროსანასთან ბრძოლას წელს მომზადებული შეხვდა. მუშაობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გულისხმობს სპეციალური აპარატების დამონტაჟებასა და ფაროსანას მიზიდვა-განადგურებას, ასევე, ხდება ტერიტორიების კვამლით დამუშავება. გარდა ამისა, ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საავტორო ინიციატივას - სახელწოდებით „თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა“. პროექტის ფარგლებში უკვე 1200- მდე აპარატი დარიგდა, ჩატარდა სამი წამლობა. 25 000 ჰექტარი არის პროგრამის პირდაპირი და არაპირდაპირი მოსარგებლე.

არსებული დაკვირვებებით, გამოზამთრებული ფაროსანას რიცხობრივი მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, დაბალია, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაციის წევრი15 000 ფერმერების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ამ თანამშრომლობამ ცალსახად პოზიტიურად იმოქმედა სიტუაციაზე. თუმცა, ივნის-ივლისის პერიოდში ფაროსანა იწყებს გამრავლებას და შედის თხილის ბაღებში. ზუსტად ახლა არის ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი და გვმართებს მაქსიმალური მობილიზება. ჯერ საქმის მხოლოდ ნახევარია გაკეთებული. ის, რომ წინა წლებთან შედარებით ნაკლებ ფაროსანას ვხედავთ ბაღებში, არ უნდა გახდეს მოდუნების მიზეზი. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ კიდევ 3 წამლობა უნდა ჩატარდეს მოსავლის აღებამდე და ეს გადამწყვეტ გავლენას იქონიებს თხილის მოსავლის ხარისხზე. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მოსავლის აღებასა და მის შრობას საჭირო, მოკლე ვადებში. ფაროსანაზე გამარჯვება კი მაშინ შეგვიძლია მიღწეულად ჩავთვალოთ, როცა ვნახავთ რომ ფერმერები მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს აიღებენ.

დღეის მდგომარეობით, მსოფლიო ბაზარზე თხილის მოთხოვნა შეადგენს 1 მილიონ ტონას (გაუტეხავი თხილი). მსოფლიო ლიდერები თხილის ბაზრზე არიან თურქეთი, იტალია და აზერბაიჯანი. როგორც ვიცით, მესამე ადგილს, 2015 წლამდე, საქართველო იკავებდა. ასოციაციაში გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ერთი მხრივ, დაიბრუნოს საკუთარი პოზიცია თხილის მსოფლიო ბაზარზე, მეორე მხრივ კი, ფერმერების მხარდაჭერით, მეტად დაწინაურდეს. ჩვენ გვჯერა, რომ თხილს შეუძლია გახდეს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა“.

შეგახსენებთ, რომ აზიურმა ფაროსანამ, 2015 წლიდან დღემდე, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში განსაკუთრებული ზიანი მიაყენა: თხილს, სიმინდს, სოიოს, თუთას და ბოსტნეულს, თუმცა ეს მწერი მრავალგვარი დაავადების გადამტანია და რაღაც დოზით, ყველა ტიპის მცენარეს ვნებს. ფაროსანა იღვიძებს, ანუ კვებას იწყებს გაზაფხულზე, აპრილის ბოლოდან. „თბილი ამინდების“ განმავლობაში აქტიურია, შემდეგ კი „გამოზამთრებას“ იწყებს - შენობების სახურავებსა და ნაპრალებში იმალება და ეს პროცესი მისთვის არც ისე რთულია, რადგან ყინვა მას ვერ აზიანებს. გამოზამთრების პერიოდამდე, კვების პარალელურად, ის ასწრებს ფოთლების ქვედა მხარეს კვერცხების დადებას. 1 ფაროსანა, დაახლოებით, 200 ცალ ბაღლინჯოს შობს წელიწადში. 2015 წლიდან დღემდე, წელიწადში 200-ჯერ გამრავლებულმა ფაროსანას პოპულაციამ სამეგრელოში კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. მწერმა 2016-2018 წლის სეზონზე, თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა