ირაკლი კობახიძე - დამოუკიდებელი ინსპექტორის შრომის ანაზღაურება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შრომის ანაზღაურებას გაუთანაბრდა

ახალი რეგულაციებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის შრომის ანაზღაურება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შრომის ანაზღაურებას გაუთანაბრდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის, სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, „მკაფიოდ გაიწერა ინსპექტორის ანგარიშვალდებულებისა და ინფორმაციის პრაქტიკულად გამოყენების ვალდებულება“.

„ასევე, განმტკიცდა, დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიები. კერძოდ დაზუსტდა ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები. გაიწერა კანონში, რომ სპეციალური გადაწყვეტილება გადაყენების თაობაზე საბჭოს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით მიიღო. ეს გადაწყვეტილება, რეგულაციის თანახმად, ექვემდებარება გასაჩივრებას სასამართლოში. დადგინდა ახალი, დაჩქარებული ვადები ამ საკითხის განხილვისათვის. კანონით შეიზღუდა ინსპექტორის მიმდინარე ხარჯების შემცირება წლიდან წლამდე. განისაზღვრა ინსპექტორის შრომის ანაზღაურება კანონის დონეზე და ის გაუთანაბრდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს შრომის ანაზრაურებას. დადგინდა, რომ ინსპექტორს ექნება დამოუკიდებელი დოკუმენტბრუნვა, შესაბამისად, გაემიჯნა ამ კუთხითაც საბჭოს და დამოუკიდებელი ინსპექტორის ფუნქციები. მკაფიოდ გაიწერა ინსპექტორის ანგარიშვალდებულებისა და ინფორმაციის პრაქტიკულად გამოყენების ვალდებულება. ინსპექტორს მიენიჭა უშუალოდ წვდომა საინფორმაციო ბაზებზე. ასევე, შევიდა ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სამოსამართლო ეთიკასთან დაკავშირებით რეგულაციების დაკონკრეტებას. დადგინდა, მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება, განსაზღვროს სამოსამართლო ეთიკის წესები. ეთიკის საბჭოს დებულება და აირჩიოს ეთიკის საბჭოს წევრები“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ყველა რეგულაციასთან დაკავშირებით შედგა სრული კონსენსუსი სამუშაო ჯგუფში. მისივე თქმით, დისციპლინური წარმოების საკითხებთან დაკავშირებით, თავიდან განსხვავებული პოზიციები იყო, თუმცა საბოლოოდ, მოსაზრებების შეჯერება მოახერხეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა