ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბიზნესი კანონმორჩილია და ახალ რეგულაციებსაც კანონმორჩილად შეასრულებს

კომპანიები, რომლებიც ე.წ. „ოქროს სიაში“ არიან და რომლებსაც იმპორტის გადასახადებზე შეღავათები გაუუქმდათ, ითხოვდნენ, რომ სია მინიმუმ სამი თვით შენარჩუნებულიყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე რომელიც კერძო ბიზნესის წარმომადგენლებსა და ფინანსთა მინისტრს შორის გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა.

„შეხვედრა ბიზნესომბუდსმენის ინიციატივით და ორგანიზებით შედგა. მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი ლექვინაძეს არამარტო შეხვედრის ორგანიზებისათვის არამედ იმ თანადგომისათვის, რომელსაც ის იჩენს ბიზნესისადმი. მინდა გითხრათ, რომ შეხვედრის მონაწილე თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა იყო, რომ „ოქროს სია“ შენარჩუნებულიყო, ყოველ შემთხვევაში, მინიმუმ სამი თვით გადავადებულიყო ახალი რეგულაციები, რათა ამ სამთვიან ვადაში ბიზნესი უკეთ მომზადებულიყო, ამ საკითხის შესწავლა გაგრძელებულიყო, ასევე კონსულტაციები, გაგრძელებულიყო ურთიერთობა. იმიტომ, რომ ბიზნესისთვის წინასწარ არ ყოფილა სიახლის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული. მან, ისევე როგორც მედიამ, გაიგო ბოლო დღეების განმავლობაში. თუმცა ფინანსთა სამინისტროს აქვს თავისი პოზიცია, თავისი არგუმენტები და ფაქტობრივად შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ. ის წინადადებები, რაც ბიზნესის მხრიდან იყო დაყენებული ფინანსთა მინისტრის მხრიდან, არ იყო გათვალისწინებული“,- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია ყველაზე მძიმედ ნავთობექსპორტირებაზე იქონიებს გავლენას, რადგან იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა მათზეა და შესაბამისად გადასახდელიც გაცილებით მაღალია.

„ ეს გადაწყვეტილება ყველაზე მტკივნეულია საწვავის ინდუსტრიისთვის, იმიტომ, რომ გადასახადების ყველაზე დიდი გადამხდელია სახელმწიფო ბიუჯეტში. დიდი მოცულობით პროდუქცია ჩამოაქვს, შესაბამისად გადასახადებიც დიდია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში უწევს გაორმაგებული გადასახადი, ეს გარკვეულწილად ტვირთია კომპანიებისათვის იმიტომ, რომ ეს 30 დღიანი ვადა იყო საკმაოდ დიდი შეღავათი, შესაბამისად კომპანიები იძულებულები არიან დამატებითი რესურები გამონახონ . მათ შორის კრედიტები აიღონ, რაც რა თქმა უნდა, დამატებითი ტვირთია კომპანიებისთვის“,- განაცხადა მთვრალაშვილმა და იქვე დასძინა რომ „ოქროს სიაში“ შემავალ კომპანიებთან სახელმწიფოს არანაირი შენიშვნა არ ჰქონია.

ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბიზნესი კანონმორჩილია და ახალ რეგულაციებსაც კანონმორჩილად შეასრულებს.

„თვითონ შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ ეს კომპანიები არიან გადასახადების პირნათელი გადამხდელები, არავის პრეტენზია არ გამოუხატავს. ეს სია უნდა შენარჩუნდეს. ბიზნესი არის კანონმორჩილი, რა თქმა უნდა ის არის სახელმწიფო გადასახადების გადამხდელი, რა თქმა უნდა, კომპანიები გააგრძელებენ თავისი ვალდებულებების შესრულებას, როგორც აქამდე ასრულებდნენ, უბრალოდ ტვირთად დაწოლაზეა აქ საუბარი“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის მიხედვით, სანამ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მასში ცვლილებები შევიდოდა, იმპორტის გადასახდელები გადახდილი უნდა ყოფილიყო საქონლის გაშვების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, რაც ივანე მაჭავარიანის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანებით 5 დღემდე შემცირდა.

გარდა იმისა, რომ „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიები აქამდე 30–დღიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობდნენ, მათზე ვრცელდებოდა გამარტივებული პროცედურებიც.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების შესაბამისად გაუქმდა მხოლოდ 30–დღიანი საშეღავათო პერიოდი, გამარტივებული პროცედურები კი უცვლელად რჩება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა