მაია ცქიტიშვილი - აშშ-ს მხრიდან ანაკლიის პორტისადმი ყურადღება მეტყველებს იმაზე, რომ პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ  უსაფრთხოების განზომილება აქვს

აშშ-ს მხრიდან ანაკლიის პორტისადმი გამოჩენილი ყურადღება მეტყველებს იმაზე, რომ ანაკლიის პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების განზომილება აქვს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტქრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მინისტრი აცხადებს, სახელმწიფოს უპრეცენდენტო მხარდაჭერას ანაკლიის პორტის მიმართ, სხვა ფაქტორებთან ერთად პროექტში ამერიკული კომპანიის მონაწილეობაც განსაზღვრავს.

„ძალიან მახარებს ის, რომ აშშ-ს ხელისუფლება მაღალ შეფასებას აძლევს იმ განვითარების მიმართულებას, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს და აქედან გამომდინარე, ანაკლიის პორტისადმი გამოჩენილი ყურადღება აშშ-ს მხრიდან, მეტყველებს იმაზე, რომ ამ პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური განზომილება აქვს, არამედ აქვს უსაფრთხოების განზომილება. იცით, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი მსხვილი დამფუძნებელი არის ამერიკული კომპანია და სწორედ ეს ფაქტორი, რომ კონსორციუმის წევრი არის როგორც, ქართული, ისე ამერიკული კომპანია, ასევე პორტის მნიშვნელობა, იქ და ისეთი სახით, რა სახითაც იგეგმება, განსაზღვრავს სახელმწიფოს მხრიდან ასეთ უპრეცედენტო მხარდაჭერას,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მისი დღევანდელი განცხადება, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ფინანსური დახურვის ვადას მეექვსედ, ამჯერად 6 თვის ვადით გადაუვადებს მაიკ პომპეოს განცხადებას არ უკავშირდება.

„ჩემი დღევანდელი კომენტარი არანაირად არ უკავშიდება მაიკ პომპეოს განცხადებას. გადავადება ის პროცესია, რომელშიც ვიმყოფებით არათუ 21 მაისიდან, არამედ 2018 წლის დეკემბრიდან, როდესაც საფინანსო ინსიტუტებისგან მივიღეთ მოთხოვნები კონტრაქტში ცვლილებებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება და აღნიშნა, რომ „პორტის პროექტი თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას, ვინაიდან მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით“.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ს მხრიდან ანაკლიის პორტისადმი ყურადღება მეტყველებს იმაზე, რომ პორტს უსაფრთხოების განზომილება აქვს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა