ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2019

"ოცნება“ 2020 წლის არჩევნების წინ განსხვავებული აზრის განეიტრალებისთვის ემზადება

რატომ გაუხსნეს ცეცხლი ცხინვალელ ფეხბურთელებს ვლადიკავკაზში

***

"ოცნება“ 2020 წლის არჩევნების წინ განსხვავებული აზრის განეიტრალებისთვის ემზადება

"ქართული ოცნება“ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის“ სახელით 2020 წლის არჩევნებისთვის გამოხატვის თავისუფლების რეგულირებას გეგმავს და შესაბამისი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხლვა-მიღებას აანონსებს, რაც უკვე შეფასდა, როგორც განსხვავებული და კრიტიკული აზრის გასანეიტრალებელი მმართველო პარტიის ახალი გეგმა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, სიძულვილის ენა პრობლემაა ქართულ მედიასა და საზოგადოებაში და „საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება, თუმცა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოქცეული უნდა იყოს ლეგიტიმურ ჩარჩოებში“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნება“ 2020 წლის არჩევნების წინ განსხვავებული აზრის განეიტრალებისთვის ემზადება

"ოპოზიციის განცხადებით, ახალი რეგულაციები, რომლის შემოღებას ხელისუფლება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საფარ ქვეშ გეგმავს, სინამდვილეში თავისუფალი მედიის და ოპოზიციის დევნის ახალი გეგმაა, რომელიც არჩევნების წინ კრიტიკული აზრის განადგურებას ემსახურება. მედიაექსპერტი ნინო დანელია აცხადებს, რომ კატეგორიულად დაუშვებელია სიძულვილის ენის გაკონტროლების ჯერ მარეგულირებელი უწყების და შემდეგ სასამართლოს მიერ, რომ ჩვენ ამგვარი მავნებლური კანონის მიღებით დავემსგავსებით რუსეთს, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ ნებისმიერი კრიტიკა სიძულვილის ენად მიიჩნევა და ამის გამო ადამიანებს სჯიან. მისი თქმით, სიძულვილის ენას იყენებს მმართველი პარტიაც, ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია თავად ირაკლი კობახიძე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთიანად ფაშისტები უწოდა და ამ ფონზე ხელისუფლება ახალი რეგულაციით გეგმავს არა საკუთარი სიძულვილის ენის დახშობას, არამედ კრიტიკოსების დევნას”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩვენ უკვე გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც სჯის შეურაცხყოფას ძალიან ცალსახად. თუკი ადამიანი ჩათვლის, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს, არსებული კანონმდებლობით შეუძლია სასამართლოში ჩივილი, მაგრამ მთავარი ამბავი აქ სწორედ ისაა, რომ ხელისუფლებას სურს დევნოს კრიტიკოსები - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები, სამოქალაქო მოძრაობები, ასევე რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ძალიან ხშირად იგივე „ფეისბუქის“ პოსტებით ან კომენტარებით აკრიტიკებენ ხელისუფლებას. ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია ჩათვალოს, რომ ეს არის სიძულვილის ენა და დევნოს მისთვის არასასურველი ჯგუფები და ადამიანები. ამაზე ასე დაბეჯითებით საუბარი შეგვიძლია, იმიტომ რომ, ჩვენ ვიცით, რომ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ყველა ამგვარი საკანონმდებლო მავნებლობა გადმოდის პირდაპირ რუსეთიდან, სადაც არის მსგავსი კანონი და ერთ ქვაბშია ჩაყრილი ფეიკნიუსი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ცილისწამება, შეურაცხყოფა, რაც აბნევს ადამიანებს,“- აცხადებს დანელია. მისი თქმით, „მაგალითად რუსეთში დასაჯეს ჟურნალისტი, რომელმაც კრიტიკული მასალა გამოაქვეყნა „გაზპრომზე“ და „გაზპრომმა“ ჩათვალა, რომ სტატია იყო სიძულვილის ენა კომპანიის წინააღმდეგ, რის გამოც ჟურნალისტი დაისაჯა. „ამიტომ ჩვენ ავტორიტარული ქვეყნების მაგალითი კი არ უნდა გადმოვიღოთ, სადაც მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხი დაბალია, სიტყვის და გამოხატვის სტანდარტი საერთოდ არ არსებობს, არამედ უნდა ვედრებოდეთ დასავლურ ქვეყნებს. ამ კანონის მიღება კატეგორიულად დაუშვებელია და ამ კანონის მიღების შემთხვევაში აღმოვჩნდებით „კომუნიზმში“ და პირდაპირ „ვრემიას“ დროინდელ პერიოდში”- განაგრძობს გამოცემა.

"საქმე ეხება კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მომზადებულ „მაუწყებლის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებას. როგორც კომისიაში ამბობენ, ამის მიზანი "სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან" დაცვაა და ახალი ცვლილებით დარღვევის შემთხვევაში რიგი საქმეები თვითრეგულირების ორგანოს ნაცვლად, (როგორც მოქმედი კანონმდებლობითაა) სასამართლომ უნდა განიხილოს. უწყების ხელმძღვანელის, კახა ბექაურის თქმით, სიძულვილის ენის საკითხი ქართულ კანონმდებლობაში რეგულირდება თვითრეგულირებით, რაც ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამება. „სიძულვილის ენის საკითხი თვითრეგულირებიდან უნდა ამოვიდეს და გადავიდეს რეგულირების საკითხში. ევროპაში ეს ნორმა რეგულირდება. დაინტერესებული პირი, თუ მის მიმართ სიძულვილის ენა გამოყენებულ იქნა, ანუ დაირღვა კანონმდებლობა, მიმართავს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს და თუ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩება, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა გასაჩივრების საშუალება კომისიაში ან სასამართლოში", - განაცხადა ბექაურმა”, - დასძენს გამოცემა.

"კახა ბექაურმა ეს საკითხი საარჩევნო საკითხებზე პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე დააყენა. მან განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისიამ მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით და ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში შეიტანა პარლამენტში, თუმცა ის ამ დრომდე არ გარდაქმნილა ინიციატივად. მან პარლამენტს მიმართა თხოვნით, რომ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებულად მოხდეს, რადგან მისი განმარტებით, სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც თავს იჩენს სწორედ საარჩევნო პერიოდში. მარეგულირებელი კომიიის წინადადებამ დიდი მოწონება დაიმსახურა ცნებაში“. პარლამენტის თავმჯდომარემ ინიციატივას "ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური" უწოდა და განაცხადა, რომ მიღებულ იქნება ზომები, რათა კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს. „როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა დამეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება, თუმცა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოქცეული უნდა იყოს ლეგიტიმურ ჩარჩოებში“, - განაცხადა კობახიძემ”, - წერს გამოცემა.

"იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ არ არის პრობლემა, თუკი "ფაქიზი მიდგომის შედეგად" სიძულვილის ენის რეგულირება მოხდება. კანონში შესაძლო ცვლილებებს მძაფრი კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავას განცხადებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს მთლიანად ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ქვეყნისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია. „ევროპულმა საქართველომ“ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ სიძულვილის ენას სჭირდება თვითრეგულირება და არა სახელმწიფოს ჩარევა და საქმე გვაქვს უკიდურესად სახიფათო თამაშთან, რომელიც ხელისუფლებამ 2020 წლის არჩევნების წინ წამოიწყო, რომლის მიზანია, გააკონტროლოს ყველაფერი განსხვავებული - შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, ოპონენტების კრიტიკული აზრი. პარასკევს დილიდან შეკრებას და ამ ინიციატივის განხილვას გეგმავენ მედიაზე მომუშავე არასამთავრობოები და მედიაექსპერტებიც. ცნობისათვის, ცილისწამების, სიძულვილის ენისა და ცრუ ინფორმაციების წინააღმდეგ კანონის აუცილებლობაზე სალომე ზურაბიშვილმა პირველად საახალწლო მილოცვისას ისაუბრა. ამის შემდეგ, ცილისწამებაზე საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა საქართველოს პატრიარქმა, რომელმაც თქვა, რომ „ხშირად არის მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონების“. მაშინ საქართველოს პატრიარქს ამ თემაზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, „ჩვენ ბუნებრივია უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე, ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის, ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ", - წერს სტატიის ავტორი.

რატომ გაუხსნეს ცეცხლი ცხინვალელ ფეხბურთელებს ვლადიკავკაზში

“სამხრეთ ოსეთის ე.წ. საფეხბურთო ნაკრების წევრებმა სტეპანაკერტში გამართულ არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატ „კონიფაზე" პირველად გაიმარჯვეს და საზეიმო დახვედრისთვის ცხინვალშიც გამოემგზავრნენ, თუმცა ე.წ. დედაქალაქში არასრული შემადგენლობით მოუწიათ დაბრუნება. მიზეზი კი ისაა, რომ ვლადიკავკაზში ფეხბურთელებს შუა ქუჩაში ცეცხლი გაუხსნეს. ინტერნეტში ამ სროლის ვიდეოც გავრცელდა. ითქვა, რომ საქმის გარჩევა მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ადგილობრივ ოსს ცხინვალის გუნდის წაგებაზე დიდი ფული ჰქონდა ტოტალიზატორში დადებული და წარუმატებელი ფსონის გამო ფეხბურთელებს აგინა, რის შემდეგაც ატყდა ეს კრიმინალური გარჩევაც. როგორც ოსური და რუსული გამოცემები წერენ, ფიზიკური დაპირისპირება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ვლადიკავკაზში 12 ივნისს ცხინვალის საფეხბურთო ნაკრების ზოგიერთ წევრსა და ვლადიკავკაზელ ახალგაზრდებს შორის მოხდა ყოფით ნიადაგზე - ფეხბურთის გამო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ გაუხსნეს ცეცხლი ცხინვალელ ფეხბურთელებს ვლადიკავკაზში / „ვიღაცამ ვლადიკავკაზში 2 ათას აშშ დოლარზე მეტი დადო ტოტალიტაზორში იმაზე, რომ ჩვენი გუნდი წააგებდა”

"ჩრდილოეთ ოსეთის პოლიციამ კრიმინალურ გარჩევაში მონაწილეები დააკავა და იარაღიც ამოიღო. ოსური გამოცემები წერენ, რომ სერიოზულად არავინ დაშავებულა. ფეხბურთელები კი ცხინვალში იმის გამო ვერ დაბრუნდნენ, რომ დაკითხვაზე არიან დაბარებულები. ოფიციალურად, სროლის მიზეზი არ სახელდება. თუმცა, როგორც ოსური მედია და ასევე სოცილურ ქსელებში წერენ, კრიმინალური გარჩევა ტოტალიზატორში წარუმატებელი დიდი ფსონის გამო მოხდა. "ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის ახალგაზრდების ჯგუფსა და სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო გუნდის წევრებს შორის ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით ჩხუბი მოხდა, წინასწარი მონაცემებით, ჩხუბი მოხდა ფეხბურთის ფსონის გამო. ერთ ჯგუფს 140 ათასი რუბლი (დახლოებით 2 000 აშშ დოლარი) უნდა მოეგო სამხრეთ ოსეთის გუნდის წაგებით და ამას მოჰყვა ჯერ შელაპარაკება, შემდეგ დაიწყო ჩხუბი დანით და ატყდა სროლაც. როგორც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე ყვება, ავტომატიდან სროლა დაიწყო იმის გამო, რომ დანებით ჩხუბს გამოსცლოდა ," - წერს ოსური მედია”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მედიაში ჩხუბის მიზეზებზე საუბრობს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ზასეევიც. „ვიღაცამ ვლადიკავკაზში 140 ათასი რუსული რუბლი (2 ათას აშშ დოლარზე მეტი) დადო ტოტალიტაზორში იმაზე, რომ ჩვენი გუნდი წააგებდა. ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მე ვიცი ბიჭებიდან, რომ მათ ესემეს შეტყობინება მიუვიდათ უცენზურო სიტყვებით. "ეს არ იყო კონკრეტულად ვინმეს მიმართ, არამედ მთელი გუნდის მიმართ და ბიჭებს უნდოდათ ავტორთან დალაპარაკება. მათთან კი ადამიანები შეიარაღებულები მივიდნენ... დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკებაც და სროლაც. სერიოზულად არავინ დაშავებულა. სს საქმე აღიძრა", - აცხადებს ზასეევი. მისივე თქმით, ფეხბურთელებს ყველაფერი კარგად აქვთ და მიუხედავად იმისა, რომ მათ დაიმსახურეს პატივით დახვედრა, სამწუხაროდ ეს არ გამოვიდა. ამჟამად ფეხბურთელები ვლადიკავკაზში რჩებიან დაკითხვის გამო”, - განაგრძობს გამოცემა.

"სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრები 9 ივნისს გახდა არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო Conifa-ს ჩემპიონატის გამარჯვებული. მათთვის ეს პირველი გამარჯვებაა. რამდენიმედღიანი საფეხბურთო ღონისძიება მთიან-ყარაბაღში ჩატარდა. ღონისძიებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სამთავრობო დელეგაციებიც ესწრებოდნენ. CONIFA (დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციის კონფედერაცია) 2013 წელს შვედეთში შეიქმნა. ის აერთიანებს 36 სხვადასხვა - არაღიარებული ქვეყნების, ავტონომიური რეგიონების ან სახელმწიფოს გარეშე ხალხების საფეხბურთო გუნდებს, რომლებსაც FIFA არ ცნობს. მათ შორისაა აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც. ჩემპიონატი თითქმის ყოველ წელს ტარდება სხვადასხვა არაღიარებულ ქვეყნებსა თუ ავტონომიურ რეგიონებში და იმის გამო, რომ აფხაზი და ოსი სპორტსმენები ვერც ერთ საერთაშორისო სპორტულ ტურნირზე ვერ ასპარეზობენ, ეს უმნიშვნელო შეჯიბრი „მსოფლიო დონის" სპორტულ მოვლენად ფასდება 2016 წელს ჩემპიონატი ოკუპირებულ სოხუმსა და გაგრაში ჩატარდა, მაშინ ჩემპიონი აფხაზეთის ე.წ. ნაკრები გახდა. წელს კი ცხინვალის გუნდმა გაიმარჯვა”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა