Black Eyed Peas-მა „ბლექ სი არენაზე“ კონცერტი გამართა

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია. შეკვეთილში მდებარე, რეგიონის საუკეთესო საკონცერტო არენად აღიარებულ „ბლექ სი არენაზე“ 16 ივნისს ჯგუფმა სეზონი გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბლექ სი არენადან“ აცნობეს, „ბლექ აიდ ფისმა“ ახალი ალბომის, Masters of the Sun-ის მუსიკალური ტურნეს ფარგლებში მესამე კონცერტი საქართველოში გამართა. ჯგუფის წევრები ესპანეთიდან ჩამოფრინდნენ, სადაც ასევე კონცერტი ჰქონდათ.

მათივე ინფორმაციით, „ბლექ აიდ ფისის“ წევრებმა ჩამოფრენის დღესვე ბათუმი დაათვალიერეს და ერთ-ერთ ღამის კლუბსაც ეწვივნენ, მეორე დღეს კი, საუნდ ჩექამდე, სასტუმრო „პარაგრაფში“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოს შესახებ შექმნილი სასიამოვნო შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს გაუზიარეს.

„ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში ვართ. მადლობა, რომ მოგვიწვიეთ. ჩვენთვის აქ ყოფნა დიდი პატივია. სასიხარულოა, რომ ჩვენი მუსიკა გვაძლევს საშუალებას, მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაუროთ, გავეცნოთ ახალ კულტურებს და როდესაც სახლში დავბრუნდებით, ოჯახის წევრებს ჩვენი თავგადასავლები მოვუყვეთ. შესაბამისად, „ბლექ აიდ ფისის“ მთელი ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენთვის აქ ყოფნა ძალიან დიდი პატივია“, - განაცხადა „ბლექ აიდ ფისის“ ერთ-ერთმა შემქმნელმა, ცნობილმა პროდიუსერმა უილ აი ემმა.

„ჩვენ ამჯერად საფესტივალო ტურნეში ვართ და „ბლექ სი არენა“ არის ერთადერთი, რომლისთვისაც გამონაკლისი დავუშვით, ამიტომ აქ ყოფნა ძალიან გვახარებს“, - განაცხადა „ბლექ აიდ ფისის“ წევრმა ტაბუმ.

მათივე ცნობით, „ბლექ სი არენას“ კარი მაყურებლისთვის საღამოს ექვს საათზე გაიღო. გარე ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობას შორის, მაყურებელს დახვდა სცენა, სადაც Endorphins უკრავდა. „ბლექ აიდ ფისის“ მთავარ სცენაზე გამოსვლამდე, უკვე დარბაზში, მსმენელის განწყობის შექმნაზე იზრუნა Cosmic Love Rotation-მა.

„უშუალოდ „ბლექ აიდ ფისის“ კონცერტი კი საღამოს ათ საათზე დაიწყო. ჯგუფმა შეასრულა ყველა ის ჰიტი, რომლითაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იცნობენ. მათ შორის Where is the love, Boom Boom Boom, Let's get it Started, რამდენიმე ახალი კომპოზიცია, მათ შორის Be Nice, რომელიც საქართველოში სტუმრობამდე რამდენიმე დღით ადრე გამოუშვა.

კონცერტის მიმდინარეობისას ჯგუფის წევრებმა სცენაზე ქართველი ბიჭუნა, სანდრო გოგიშვილი აიყვანეს, რომელიც სცენასთან მდგომ აქტიურ მაყურებელს შორის თავად შეარჩიეს და მასთან ერთად იცეკვეს. „ბლექ სი არენამ“ სანდროს მთელი სეზონის განმავლობაში ყველა კონცერტზე დასასწრები ბილეთები უსახსოვრა.

კონცერტი ჯგუფის წევრების დარბაზში ჩასვლით და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მათი მოთხოვნით აშენებულ პატარა სცენაზე გადანაცვლებით დასრულდა, სიმღერაზე Where is the Love, რომელიც დარბაზთან ერთად ტელეფონების შუქების ფონზე შეასრულეს და კონცერტზე დამსწრეებთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ კონცერტი პროექტის „ჩექ ინ ჯორჯია“ ფარგლებში გაიმართა. შემდეგი უცხოელი არტისტი, რომელიც „ბლექ სი არენას“ სცენას დაიკავებს, ბრიტანელი მომღერალი ჯესი ჯეი გახლავთ, 6 აგვისტოს არენაზე მისი კონცერტი გველოდება, 13 აგვისტოს კი „ოსკაროსანი“ ჯარედ ლეტო როკჯგუფ 30 Seconds to Mars-ის შემადგენლობაში ეწვევა შეკვეთილის არენას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა