პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნის

პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნის. BBC-ის ინფორმაციით, ვაშინგტონი რეგიონში საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას ირანთან მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობის ფონზე ზრდის. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, პატრიკ შენაჰენის განმარტებით, პენტაგონი ამ ნაბიჯს ირანის ძალების მტრული ქმედებების საპასუხოდ დგამს.

გასულ კვირას ამერიკის საზღვაო უწყებამ კადრები გამოაქვეყნა, რომელიც, ექსპერტების მტკიცებით, ადასტურებს, რომ გასულ კვირას ომანის ყურეში ტანკერებზე მომხდარი თავდასხმის უკან სწორედ ირანი დგას. გუშინ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შესრულებას აღარ გეგმავს და გამდიდრებული ურანის შეთანხმებულ ლიმიტს 27 ივნისს გადააჭარბებს.