პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“ განხორციელდება

18 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, სსიპ „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“ განხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი ღონისძიებების გამართვა შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში (ქ.გორი / სოფ. დიცი/სოფ.ტირძნისი - 18 ივნისი, ქ.ზუგდიდი / სოფ. ტყაია - 8-9 აგვისტო, სოფ. კოკი /სოფ. ორსანტია/ ანაკლია - 5-6 სექტემბერი და ქ. გორი/ სოფ. ხურვალეთი- 27 სექტემბერი).

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება 18 ივნისს სოფლებში დიცი და ტირძნისი, ასევე ქ. გორში, სადაც მწერლები და მეცნიერები (მაკა ელბაქიძე, ალეკო შუღლაძე, გურამ მეგრელიშვილი, ლევან ჟვანია) რეპრესირებულ მწერლებზე გაამახვილებენ ყურადღებას. საუბარი შეეხება კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას და ინტერაქციის რეჟიმში გაიმართება მკითხველთან დიალოგი, ადგილობრივ ახალგაზრდებს გააცნობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს/მიმართულებებს - „პროფორიენტირს“; მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენა ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი, ფილმების ჩვენება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ სოფლებში დიცში და ტირძნისში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრებიან მეღვრეკისიდან, ბროწლეთიდან და ერგნეთიდან ჩამოსული ახალგაზრდები.

სამინისტროს ცნობით, პროექტის დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც გორში, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების - ნეკა სებისკვერაძის, დათო ნოზაძის და ნინო გულიაშვილის მონაწილეობით გაიმართება. კონცერტს დაესწრებიან ქ.გორში და მის შემოგარენში მცხოვრები სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდებიც. ამასთან, უწყების ინფორმაციით, შემაჯამებელი კონცერტი დაიწყება 17:00 სთ-ზე და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაგეგმილი ღონისძიებებების განრიგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ღონისძიებების განრიგი: დიცი/ტირძნისი - გორი 18.06.2019

13:00 – 13:40 სოფ. დიცის საჯარო სკოლის დარბაზში მწერლების გურამ მეგრელიშვილისა და ალეკო შუღლაძის ახალი წიგნების წარდგენა;

13:40 – 13:45 სოფ. დიცის საჯარო სკოლის ეზოში განთავსებული „სკვერის ბიბლიოთეკის“ სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნებით შევსება.

14:00 – 14:20 სოფ. ტირძნისის საჯარო სკოლის დარბაზში ლექცია: რეპრესირებული მწერლები (თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის დირექტორის მოადგილე, პროფესორი მაკა ელბაქიძე)

14:20 – 14:30 ინტერაქციის რეჟიმში დიალოგი მსმენელთან

14:30 - 14:50 რეპრესირებული ქართველი მოდერნისტი პოეტის ვანლერ დაისელის - ივანე ბაბუაძის წიგნის „მზის სისხლის“ წარდგენა (წარმდგენი, წიგნის რედაქტორი ლევან ჟვანია).

14:50 – 15:00 ინტერაქციის რეჟიმში დიალოგი მსმენელთან

15:00 – 15:30 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების გაცნობა - „პროფორიენტირი“;

15:30 – 15:40 ინტერაქციის რეჟიმში დიალოგი მსმენელთან

17:00 – 18:20 ქ. გორი გ. ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - მუსიკალური კონცერტი : „ქართული დუეტის საღამო“ - ნეკა სებისკვერაძე, დათო ნოზაძე - აკომპანიატორი ნინო გულიაშვილი“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს