გია ხუხაშვილი - როდესაც ასეთ მაღალ თანამდებობაზე საჩხერეს ვერ გასცდნენ და ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს ჯერ ერთი და მერე მეორე დირექტორი დაინიშნა, ეს ივანიშვილის მიმართ პრეტენზიებს აძლიერებს

როდესაც ასეთ მაღალ თანამდებობაზე საჩხერეს ვერ გასცდნენ და ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს ჯერ ერთი დირექტორი, მერე მეორე დირექტორი დაინიშნა, ეს აძლიერებს ივანიშვილის მიმართ პრეტენზიებს, რასაც შეიძლება არც ჰქონდეს ობიექტური საფუძველი, მაგრამ ეს ყველაფერი გვერდიდან ძალიან ცუდად გამოიყურება, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან დავით სერგენკოს წასვლას და ამ პოსტზე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, ეკა ტიკარაძის დანიშვნას.

ხუხაშვილის თქმით, სერგეენკოსთვის პოლიტიკაში ყოფნა, საერთოდ არ იყო კომფორტული.

„მას, როგორც ჩანს, თავისი პროფესია უყვარს და თავის პროფესიაში დაბრუნების სურვილი ყოველთვის ჰქონდა. ასე, რომ მე, აქ სერიოზულ ინტრიგას ვერ ვხედავ. ადამიანურად აბსოლუტურად გასაგებია და მისი გადწყვეტილება მისასალმებელიც არის. მრჩევლობა ძირითადად, ფორმალური თანამდებობაა. მე, ვფიქრობ, მჩევლად მისი დანიშვნა განპირობებული იყო იმით, რომ აქცენტი გაკეთებულიყო შემდეგზე, რომ ეს ადამიანი გუნდის მრჩევლად რჩება და არანაირი რეალური პრობლემა არ არის. რაც შეეხება ახალ მინისტრს, მასზე არაფრის თქმა არ შემიძლია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან პოლიტოლოგი არ იზიარებს არსებულ მოსაზრებას, რომ დავით სერგეენკო მმართველ გუნდში არსებულ „კლანს“ შეეწირა.

„მე არადამაჯერებლად მიმაჩნია სერგეენკოსთან დაკავშირებით ასეთი თეორიის განვითარება, იმიტომ, რომ სერგეენკო არასდროს იყო პოლიტიკურად ამბიციური ფიგურა. მის რეიტინგზე ეჭვიანობას უბრალოდ, აზრი არ ჰქონდა, იმიტომ, რომ მას არ ეტყობოდა ის ამბიცია, ეწარმოებინა პოლიტიკური თამაშები. ამ ტიპის პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანები, როგორც წესი, არავის აღიზიანებენ. ამიტომ, უცნაური იქნებოდა , რომ რაღაც პოლიტიკურ შეტევასთან გვქონდეს საქმე. სხვა საკითხია ის, რომ შესაძლოა აქ რაღაც კარიერული ინტრიგა არსებობდეს, თუმცა ვიმეორებ, მაინც მგონია, რომ ეს სერგეენკოს პირადი გადაწყვეტილება იყოს. მე არც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს მართავს, მაგრამ საზოგადოება ყველაფერზე პასუხისმგებლობას მას აკისრებს და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ყველა გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, ის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტზე გადაინაცვლებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს