ნინო ბურჯანაძე - ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ყველაფერი თავის ადგილზე

ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ყველაფერი თავის ადგილზე, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს არაფერი ეტყობა, რომ ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს.

„ქვეყანაში, რომელსაც ტერიტორიების 20% აქვს დაკარგული, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 2/3 სიღარიბის ზღვარზეა, ქვეყანაში, სადაც 150 ათასი ბავშვი შიმშილობს, ქვეყანაში, სადაც 86%-ით არის გაზრდილი ევროპაში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი, საზოგადოება დაკავებულია იმით, თუ ვინ რა თქვა, ვინ რა გააკეთა, ბიძინა ივანიშვილი ვისზე გაბრაზდა და რაც ძალიან საგულისხმოა, ვმსჯელობთ იმაზე, ჩატარდეს თუ არა „პრაიდი“. ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის სახელმწიფო და არაფერი გვეტყობა, რომ ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მან გაიხსენა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი და პარალელი გაავლო არსებულ ვითარებასთან.

„როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გახლდით, მაშინაც იდგა LGBT აღლუმის ჩატარების საკითხი. აქტიურობდნენ იგივე ადამიანები, ვინც დღეს LGBT-ს პროპაგანდით არიან დაკავებული, მაგრამ მაშინ მე მოვახერხე, რომ დამერეგულირებინა აღნიშნული პრობლემა, ისე, რომ არც ძალადობას ჰქონოდა ადგილი, არც კომბლები გამოეტანა ვინმეს, არც თავი გაეტეხათ უმცირესობის წარმომადგენლებისთვის და ამავე დროს, არც „პრაიდი“ ჩატარებულიყო და საერთოდ, ეს თემა ფართო საზოგადოებისთვის სამსჯავროზე არ გამოგვეტანა და კიდევ ერთი დაპირისპირების კერა არ შეგვექმნა. თუმცა, ეს რომ გააკეთო, ხელისუფლება დაკომპლექტებული უნდა იყოს ადამიანებით, ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივათ. ხელისუფლება იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, რომ ნებისმიერი თემა საზოგადოების დაპირისპირებისათვის გამოიყენოს და ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება, არამედ პატივი უნდა სცეს ქვეყნის ტრადიციებსა და ღირსებას. ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისათვის უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს ქვეყანაში სტაბილურობა. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მიუხედავად აბსოლუტურად განსხვავებული ხედვებისა, არ მოხდეს საზოგადოების დაპირისპირება. ერთმნიშნველოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოში არ უნდა ჩატარდეს LGBT აღლუმი და არ უნდა დავუშვათ მათი ცხოვრების წესის პროპაგანდირება, თუმცა ამავდროულად, ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება და უფლებები“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება ეროვნული ხელისუფლება და მხოლოდ ამის შემდეგ ყველაფერი დადგება თავის ადგილზე, „კარგი ტრადიციებითა და პროგრესული იდეებით კი საქართველო სწრაფი ნაბიჯებით დაიწყებს სვლას ჯანსაღი ევროპული ღირებულებების დასანარეგად“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა