ალეკო ელისაშვილი - მერაბიშვილი სასჯელს 26 მაისის აქციის დარბევის გამო იხდის, დადგება დრო, როდესაც გიორგი გახარია სასამართლოს წინაშე წარსდგება 20 ივნისის აქციის დარბევის გამო

საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, სერიოზული შედეგია, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან ნულოვანი ბარიერის დაწესება, ეს არის ეშმაკობა. ახლა, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ეცდება, წაახალისოს პატარ-პატარა პარტიები, იმისთვის, რომ პარლამენტში აჯაფსანდალი მივიღოთ და დაახლოებით, ის, რაც 1992 წელს შევარდნაძეს პარლამენტში ჰქონდა, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი გადაწყვეტილებას, რომ ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს.

როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, ის რომ „ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დათანხმდა, კარგი შედეგია.

რაც შეეხება აქციის მონაწილეთა კიდევ ერთ მოთხოვნას შს მინისტრის გადადგომის შესახებ, ელისაშვილის თქმით, ეს ძალაში რჩება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის წინგადადგმული დიდი ნაბიჯი. ამ წარმატებას ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფეხს არ იცვლიდა და და ახლაც არ იცვლის რუსთაველის გამზირზე. ჩემს „ფეისბუქზე“ ვიხუმრე კიდეც, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, ცალ ყურში აღარ ესმის, თორემ ჩვენ გიორგი გახარია გადადგომასაც ვითხოვთ-მეთქი. ალბათ, ეს დროში გადაავადა და ვერ ხვდებიან, რომ გახარიას აუცილებლად მოუწევს შს მინისტრის თანამდებობის დათმობა.

ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდის 26 მაისის აქციის დარბევის გამო. დადგება ის დრო, როდესაც გიორგი გახარია სასამართლოს წინაშე წარსდგება 20 ივნისის აქციის დარბევის გამო. ასე, რომ აქეთ უნდა იხვეწებოდეს გახარია და ივანიშვილიც, რომ გავუშვებთ და ეს ყველაფერი ასე დასრულდება, მაგრამ ვერ ვხვდები, ამის ჭკუა რატომ არ ჰყოფნით?! გახარიას გადადგომა დროში გადაავადეს. გახარია ვიდრე არ წავა თანამდებობიდან, მისი გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს