ირაკლი ოქრუაშვილი მისი დაკავების შესახებ კითხვაზე - მათ არაადეკვატურობა ხშირად ახასიათებთ, რას მოიმოქმედებენ მათზეა დამოკიდებული

მათ არაადეკვატურობა ხშირად ახასიათებთ, რას მოიმოქმედებენ მათზეა დამოკიდებული, - ასე უპასუხა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ მას სამართალდამცველები დააკავებენ.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, ის მზად არის გამოკითხვაზე მივიდეს და ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. ამასთან, მან თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზეც ისაუბრა.

„ეს გახლდათ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სამართლიანი მოთხოვნების ირგვლივ გაერთიანებული. არანაირი საფუძველი არც ხელისუფლებას, არც ნებისმიერ მათ მხარდამჭერ პირს არ გააჩნია იმისათვის, რომ გაგვაკრიტიკოს ჩვენ ან სხვა, იმის გამო, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე სამი დღის წინ.

თუ მათ სურთ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს და თუ მიაჩნიათ, რომ პროპორციული არჩევნების შემოთავაზება ამ მიზანს ემსახურება, პოლიტიკური ლიდერების დაკავება კვლავ გააღრმავებს და გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს და ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას უფრო მეტად დააჩქარებს. გადაწყვეტილება მათზეა. პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი სხვა არაფერი იყო, თუ არა წყლის ნაყვა და ყოველგვარი შედეგის არ მქონე პროცედურა“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ან მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა. ამავე საქმეზე შსს გიგი უგულავას და ნიკა მელიას დაბარებას გეგმავს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს