რომან კაკულია ნიკა მელიასთან დაკავშირებით კენჭისყრაში არმონაწილეობაზე -  საპარლამენტო რესპუბლიკაში მტკიცებულებათა წარმოდგენის უფრო მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს

საპარლამენტო რესპუბლიკაში მტკიცებულებათა წარმოდგენის უფრო მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს, – ასე ახსნა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ საკუთარი გადაწყვეტილება, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას მხარი არ დაეჭირა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველამ თავად მიიღო ინდივიდუალური გადაწყვეტილება.

„პატივს ვცემ ჩემი ყველა კოლეგის გადაწყვეტილებას. ამას ხაზგასმით ვამბობ. ყველამ ინდივიდუალური გადაწყვეტილება თავად მიიღო. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ჩემი აზრი ასეთი იყო, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში მტკიცებულებათა წარმოდგენის უფრო მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, ყველა ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის ქმედებები არ შეიძლება სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩეს და მეც მათ რიცხვში ვარ, მაგრამ ამ ცდუნებას არ უნდა დაეკნინებინა აი, იმ გადაწყვეტილების ხარისხი, რომელსაც საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა ჰქვია,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ გუნდის წინააღმდეგ წასვლის გამო, მას მმართველი გუნდის დატოვება მოუწიოს, კაკულია პასუხობს, რომ თავად ამის სურვილი არ აქვს, თუმცა აქვე დასძენს, რომ თუკი ვინმეს პრობლემას შეუქმნის მისი გადაწყვეტილება, ის მზად არის, უხერხულობა არ შექმნას.

„მე ასეთი გაცხადება არ გამიკეთებია, პირადად ამის სურვილი არ მაქვს. თვითონ ეს გადაწყვეტილება თუ ვინმესთვის პრობლემატური იქნება, ცხადია, მე პრობლემას არავის არ შევუქმნი, მაგრამ ამაზე თუ მსჯელობა საჭირო იქნება, გუნდში იქნება მსჯელობა,“ - განუცხადა კაკულიამ „რუსთავი2“-ს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის რომან კაკულიას, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს. ამასთან, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს არც რეგისტრაცია გაუვლიათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა