მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2019“ დაიწყო

სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2019“ დაიწყო. სწავლება უკვე მესამედ ტარდება და მასში 21 მოქმედი და მომავალი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი იღებს მონაწილეობას. მონაწილეები სწავლების პროცესში 30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით 24-საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალზე მონაწილეებს მასპინძელი ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ სიტყვით მიმართა და თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევების პირობებში სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„სწავლება ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში, ჟურნალისტების მომზადებაზეა აქცენტირებული. შესაბამისად, მასში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა კომპონენტი. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ წლევანდელ სწავლებაზე გათამაშების პროცესში აღნიშნული კომპონენტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და მასში სპეციალური ოპერაციული ძალებისა და მეორე ქვეითი ბრიგადის შესაძლებლობების გარდა საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონისა და სამხედრო პოლიციის კომპონენტიც ჩაერთო.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისათვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.

ასევე, თეორიულ ნაწილში სწავლების მონაწილეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალისტები პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიაწვდიან, სპეციალური ოპერაციის ძალების წარმომადგენლები კი თვითგადარჩენის პრაქტიკულ კურსს ჩაატარებენ. სწავლების თეორიულ ნაწილში ასევე ჩართული არიან საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეებს ქიმიური უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციასა და ფეთქებადსაშიშ ტერიტორიაზე მუშაობის პრინციპებსა და უსაფრთხოების ზომებს გააცნობენ. თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგები კი სტრესისა და სტრესის მართვის პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას გაუზიარებენ.

უწყების ცნობითვე, პრაქტიკული ნაწილი რეალური გარემოს სიმულაციური გათამაშება იქნება, სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს, ასევე ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს შექმნიან. სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ სიმულაციური გათამაშების საველე კომპონენტი პრაქტიკულად საინფორმაციო კომპონენტის პარალელურად სამი დღე გაგრძელდება, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მიღებული თეორიული ცოდნა რეალობასთან მიახლოებულ გარემოში პრაქტიკულად განახორციელონ.

მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2019“ 5 ივლისს დასრულდება.

ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.02.2020
არმაზ ახვლედიანი -  უგუნური, დანაშაულებრივი ქმედებებით ივანიშვილი პროვოცირებას უკეთებს მოვლენების ყველაზე არასასურველი სცენარით განვითარებას
"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა
კომპანია Domson’s Engineering & Construction-მა Forbes Georgia-ს 2019 წლის დაჯილდოებაზე Property-ს ჯილდო მოიპოვა
ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა სწრაფად და იაფად იქნება შესაძლებელი
Galaxy S20, S20+ და S20 Ultra-ს წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
„მაკდონალდს საქართველო“ ირჩევს HAVI-ს, როგორც სანდო ლოგისტიკურ პარტნიორს